CUnicorn-ის მეხუთე ნაკადის დემო დღე კავკასიის უნივერსიტეტში

Opinions expressed by BIZ Experiences contributors are their own.

You're reading BIZ Experiences Georgia, an international franchise of BIZ Experiences Media.

8 ივლისს, კავკასიის უნივერსიტეტში, ინოვაციების და მეწარმეობის ცენტრის ორგანიზებითა და კომპანია ბაუმერის მხარდაჭერით გაიმართა სტარტაპ პრე-აქსელერაციის პროგრამა CUnicorn -ის მეხუთე ნაკადის დასკვნითი ღონისძიება - დემო დღე. ღონისძიება მნიშვნელოვანი პლატფორმა გახდა ახალგაზრდა ანტრეპრენერებისთვის, რათა წარმოეჩინათ თავიანთი ინოვაციური იდეები ინვესტორებისა და დარგის ექსპერტების წინაშე.

დემო დღის ფარგლებში, პროგრამის შვიდმა სტარტაპ გუნდმა, რომელთა წევრებიც კავკასიის უნივერსიტეტის სტუდენტები, კურსდამთავრებულები, თანამშრომლები და, პირველად პროგრამის ისტორიაში - აბიტურიენტები, წარმოადგინეს საკუთარი სტარტაპ იდეები. აღსანიშნავია, რომ მეხუთე ნაკადის განმავლობაში გუნდები აქტიურად თანამშრომლობდნენ საქართველოს ანგელოზ ინვესტორთა ქსელის (Axel) საინვესტიციო საბჭოს წევრებთან და ანგელოზ ინვესტორებთან, რაც მათთვის ფასდაუდებელი გამოცდილება იყო.

ღონისძიება გახსნეს კავკასიის უნივერსიტეტის პრეზიდენტმა კახა შენგელიამ, ვიცე-პრეზიდენტმა ინტერნაციონალიზაციის მიმართულებით ირენა მელუამ, საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს (GITA) თავმჯდომარემ ავთანდილ კასრაძემ და კომპანია ბაუმერის დამფუძნებელმა ლევან ყირიმლიშვილმა. მათ ხაზი გაუსვეს სტარტაპ ეკოსისტემის განვითარების მნიშვნელობას და ახალგაზრდა მეწარმეების მხარდაჭერის აუცილებლობას.

პროექტის მნიშვნელობაზე BIZ Experiences-თან ისაუბრა ბაუმერის დამფუძნებელმა და Infinity Venture Holding - ის დირექტორმა, ლევან ყირიმლიშვილმა.

"Baumer-ისთვის, როგორც საინჟინრო სფეროში მოღვაწე კომპანიისთვის, ძალიან მნიშვნელოვანია ტექნოლოგიების მხარდაჭერა და მომავალი თაობის წახალისება. ამიტომაც ჩვენი კომპანიისთვის მნიშვნელოვანია ვიყოთ ამ გზის ნაწილი და მხარი დავუჭიროთ სტარტაპებს, რომლებიც გამოწვევებში ხედავენ შესაძლებლობებს და არა ბარიერს."

დემო დღის ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო ნაწილი იყო მოწვეული სპიკერის, Axel-ის აღმასრულებელი დირექტორის, ირო ცაგარეიშვილის სესია თემაზე "Investor-Founder Fit", სადაც მან ისაუბრა ინვესტორისა და სტარტაპის დამფუძნებლის წარმატებული თანამშრომლობის განმაპირობებელ ფაქტორებზე. ეს თემა განსაკუთრებით აქტუალურია დამწყები სტარტაპებისთვის, რომლებიც ეძებენ დაფინანსებას და პარტნიორობის შესაძლებლობებს.

ღონისძიების მიმდინარე და დაგეგმილ პროექტებზე, მათ შორის რეგიონული ინიციატივებისა და საერთაშორისო თანამშრომლობის მნიშვნელობაზე, ისაუბრა ინოვაციების და მეწარმეობის ცენტრის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელმა ირაკლი სვანიძემ, რითაც ხაზი გაუსვა ცენტრის ფართო ხედვას და სამომავლო მიზნებს.

გამარჯვებული სტარტაპები და მათი ინოვაციური იდეები

დემო დღის კულმინაცია გამარჯვებულების გამოვლენა იყო. ჟიურიმ, რომელიც ბიზნესისა და ტექნოლოგიების სფეროს მაღალკვალიფიციური წარმომადგენლებით იყო დაკომპლექტებული, საუკეთესო სტარტაპები გამოავლინა და მათ ფულადი ჯილდოები გადასცა კავკასიის უნივერსიტეტისა და პროგრამის გენერალური სპონსორის, კომპანია ბაუმერისგან:

  • პირველი ადგილი — Shieldify (5000 ლარი): ვებ აპლიკაციების უსაფრთხოების სისტემა, რომელიც კიბერ თავდასხმების სწრაფად და მარტივად მოგერიებაზეა ორიენტირებული.
  • მეორე ადგილი — GreenPoint (2000 ლარი): ელექტრომობილებისთვის შექმნილი ეკოსისტემა, რომელიც საზიარო ეკონომიკის პრინციპებზე დაყრდნობით უზრუნველყოფს ხელმისაწვდომ დამუხტვას და მძღოლებს სპეციალიზებულ EV სერვის ცენტრებთან აკავშირებს.
  • მესამე ადგილი — EcoShade (1000 ლარი): ვირტუალური აგრონომი, რომელიც ფერმერს სთავაზობს პერსონალიზებულ გეგმას მცენარეების დასაცავად UV რადიაციისგან, ამინდისგან, დაავადებებისა და პარაზიტებისგან.
  • კავკასიის უნივერსიტეტის პრეზიდენტის რჩეული — News Tracker (1000 ლარი): პლატფორმა, რომელიც აგროვებს ახალ ამბებს საინფორმაციო წყაროებიდან რეალურ დროში და მობილური აპლიკაციის საშუალებით აზიარებს.

დემო დღეზე ასევე წარმოდგენილი იყო სხვა საინტერესო სტარტაპები: BalanceBuddy, პლატფორმა პერსონალიზებული ფიტნეს, ნუტრიციოლოგიისა და ფსიქოლოგიური სერვისებისთვის; TeamBuilder, HR მენეჯერებისთვის განკუთვნილი პლატფორმა თიმ ბილდინგის ღონისძიებების ეფექტურად დაგეგმვისა და მართვისთვის; და VITA, ვებპლატფორმა სკოლის მოსწავლეებისთვის, რომელიც ეხმარება მათ პროფესიისა და უნივერსიტეტის არჩევაში.

CUnicorn პროგრამის ფარგლებში მონაწილეებმა 10 კვირის განმავლობაში გაიარეს თემატური სესიები, რომლებიც მოიცავდა სტარტაპის შექმნისა და განვითარების მნიშვნელოვან ეტაპებს – მომხმარებლის შესწავლიდან ბიზნეს მოდელის დიზაინამდე და პრეზენტაციის მომზადებამდე. მენტორინგს უზრუნველყოფდნენ როგორც ადგილობრივი, ისე საერთაშორისო გამოცდილების მქონე ექსპერტები, მათ შორის:

▪️ ირაკლი სვანიძე –კავკასიის უნივერსიტეტის ინოვაციების და მეწარმეობის ცენტრის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი, კავკასიის უნივერსიტეტის მოწვეული ლექტორი

▪️ სანდრო კანდელაკი – Student Hunt-ის თანადამფუძნებელი და CEO

▪️ გიორგი რაზმაძე – Awork-ის თანადამფუძნებელი და CEO

▪️ ზურა კვინიკაძე – ციფრული მარკეტინგის სპეციალისტი

▪️ ქეთევან ხუნწარია – ანტრეპრენერი, Axel-ის საინვესტიციო საბჭოს წევრი და ანგელოზი ინვესტორი

▪️ ირო ცაგარეიშვილი – Axel-ის მმართველი დირექტორი

▪️ გიორგი ჩუგოშვილი – Phubber-ისა და Amadeo-ს თანადამფუძნებელი

როგორც კავკასიის უნივერსიტეტის ვიცე-პრეზიდენტი ინტერნაციონალიზაციის მიმართულებით, ირენა მელუა აღნიშნავს, CUnicorn-ის მიზანი ყოველთვის იყო და რჩება ახალგაზრდა თაობის ინოვაციური პოტენციალის სრულად რეალიზება.

"ჩვენი პროგრამა უზრუნველყოფს უნიკალურ შესაძლებლობებს სტუდენტებისთვის, კურსდამთავრებულებისთვის და თანამშრომლებისთვის, რომ თავიანთი იდეები რეალურ სტარტაპებად აქციონ. მეხუთე ნაკადის მონაწილე შვიდმა სტარტაპ გუნდმა, რომელთა იდეებიც სხვადასხვა ინდუსტრიას მოიცავდა, კიდევ ერთხელ დაამტკიცა პროგრამის მულტიდისციპლინარული მიდგომის ეფექტურობა. გუნდებმა წარმოადგინეს თანამედროვე, ინოვაციური გადაწყვეტები, რომლებიც მიზნად ისახავს სხვადასხვა სექტორში არსებული გამოწვევების გადაჭრას" .

CUnicorn-ის წარმატების ერთ-ერთი მთავარი განმსაზღვრელი ფაქტორი მუდმივი განვითარება და მონაწილეების აქტიური ჩართულობაა. "ჩვენთვის უმნიშვნელოვანესია, როგორც მიმდინარე, ისე წინა ნაკადის მონაწილეები აქტიურად აგრძელებენ საკუთარი სტარტაპების განვითარებას. ისინი მონაწილეობენ ქვეყნის შიგნით და მის ფარგლებს გარეთ არსებულ პროექტებსა და კონკურსებში, რაც მათ საერთაშორისო ასპარეზზე გასვლის შესაძლებლობას აძლევს და ამყარებს საქართველოს, როგორც ინოვაციების ჰაბის, რეპუტაციას," – ამბობს ირენა მელუა.

CUnicorn-ის პროგრამა და დემო დღე მნიშვნელოვანი ნაბიჯია საქართველოს სტარტაპ ეკოსისტემის გაძლიერებისთვის, ახალგაზრდა თაობისთვის შესაძლებლობების შექმნისა და ინოვაციური იდეების რეალიზებაში მხარდაჭერისთვის.

პროგრამის მხარდამჭერები: ბაუმერი, აქსელი, საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტო, ჯორჯ ვაშინგოტნის უნივერსიტეტის ინოვაციების და მეწარმეობის ოფისი, სანდორა, ზიგზაგი.