"სამყურა" – ბიომეურნეობა წნორში, რომელიც მომხმარებლებს ორგანულ პროდუქტებს სთავაზობს

Opinions expressed by BIZ Experiences contributors are their own.

You're reading BIZ Experiences Georgia, an international franchise of BIZ Experiences Media.

ბიომეურნეობა, რომელიც სპეციალურად შემუშავებული და შეთანხმებული სტანდარტების შესაბამისად მოწყობილი მეურნეობაა, უმნიშვნელოვანეს როლს ასრულებს საზოგადოებისა და ბუნების სიჯანსაღისთვის. ბიომეურნეობა იგივე ორგანული მეურნეობაა, რომელიც სრულად გამორიცხავს საკვებ პროდუქტებში ქიმიური საშუალებებისა თუ გენმოდიფიცირებული ორგანიზმების გამოყენებას. შესაბამისად, ბიომეურნეობაში მოყვანილი პროდუქტები ეკოლოგიურად სუფთა და უსაფრთხოა გამოსაყენებლად. სამწუხაროდ, ბიომეურნეობა დღეს საქართველოში ჯერ კიდევ დიდ გამოწვევას უკავშირდება - ცნობიერების ნაკლებობისა და ქვეყნის ეკონომიკური მაჩვენებლების გამო, საქართველოში ბიომეურნეობა სწრაფად ვერ ვითარდება.

ნიკა ბაგალიშვილი წლებია, რაც ბიომეურნეობითაა დაინტერესებული. მაშინ, როდესაც თბილისში ცხოვრობდა, მუდმივად უჩნდებოდა კითხვები საკვების უსაფრთხოობასთან დაკავშირებით. აღმოჩნდა, რომ ეს პრობლემა არამხოლოდ მას, არამედ - სხვა ადამიანებსაც აწუხებდათ. სწორედ ამიტომ, 6 წლის წინ, მას შემდეგ, რაც სიღნაღის მუნიციპალიტეტის ქალაქ წნორში დაბრუნდა საცხოვრებლად, საკუთარი ბიომეურნეობა "სამყურა" შექმნა.

"ბუნებით გარემოს დამცველი ადამიანი ვარ და ბიომეურნეობაც სწორედ ამას გულისხმობს - იზრუნო ადამიანებსა და გარემოზე და საბოლოო ჯამში, დაიცვა დედამიწა. მსურდა, საზოგადოებისთვის მიმეწოდებინა ჯანსაღი პროდუქცია და ამასთან, წვლილი შემეტანა საზოგადოების ცნობიერების ამაღლებაში. გარდა ამისა, შემეცვალა საზოგადოების შეხედულება ბუნების მიმართ და ხელი შემეწყო იმაში, რომ ადამიანებმა უფრო მეტად შეიყვარონ ბუნება.

ამ მიზნის მისაღწევად, დავიწყე მუშაობა "სამყურას" კონცეფციაზე. თავდაპირველად, ნაქირავებ მიწაზე, სულ რაღაც 2,000 ლარის კაპიტალით, დავთესე ლობიო. ამჟამად ბოსტნეული 1.5 ჰექტარზე მომყავს, მარცვლეული კი - 3 ჰექტარზე. ამჟამად, დაახლოებით, 40 სახეობის ბიობოსტნეულს ვაწარმოებ. იმის გათვალისწინებით, რომ უდიდესი მოთხოვნაა ტკბილ კარტოფილზე, ყვავილოვან კომბოსტოზე, პომიდორსა და ჭარხალზე, მეტწილად სწორედ ეს პროდუქტები მომყავს დიდი რაოდენობით. თუმცა, მუდამ ვცდილობ, გავამრავალფეროვნო ბიოასორტიმენტი და ისეთი ახალი კულტურებიც შემოვიყვანო, რომელიც საქართველოს მიწაზე დეფიციტურია", - BIZ Experiences-თან საუბარში აღნიშნავს ნიკა ბაგალიშვილი, "სამყურას" დამფუძნებელი.

"სამყურაზე" მუშაობისას ყველაზე დიდი გამოწვევა ფინანსებზე წვდომა გახლდათ. ბიომეურნეობაზე მუშაობა, ნიკა ბაგალიშვილმა, ფაქტობრივად ნულიდან დაიწყო და დაწყებისას, უჭირდა მეურნეობისთვის საჭირო ფინანსების მოძიება. თუმცა, როგორც თავად აღნიშნავს, გამოწვევები მას მოტივაციას არ უკარგავს, ვინაიდან აქვს მკაფიოდ გამოხატული მიზანი და ამ მიზნისკენ მიმავალ გზაზე ენთუზიაზმი არათუ უმცირდება, არამედ - უფრო მეტ მოტივაციასაც იღებს.

გამოწვევების მიუხედავად, დღეს "სამყურას" პროდუქტები ნამდვილად იკავებს მნიშვნელოვან ადგილს ქართულ ბიომეურნეობაში. როგორც დამფუძნებელი აღნიშნავს, პროდუქტებს გამოარჩევს ის, რომ ორგანულადაა მოყვანილი და არ შეიცავს შხამ-ქიმიკატებს, რაც აბსოლუტურად უსაფრთხოა საზოგადოებისთვის. "ამ პროდუქტების მოყვანაში უდიდესი ენთუზიაზმი და სიყვარულია ჩადებული. მჯერა, რომ თუკი ადამიანი საქმეს სიყვარულითა და მთელი გულით აკეთებს, ეს პროდუქტზეც აისახება და ამ ყველაფერს მომხმარებლებიც გრძნობენ", - განმარტავს ნიკა ბაგალიშვილი.

პროდუქტის რეალიზაციისთვის ფერმერი მეტწილად სოციალურ ქსელებს, Facebook-ს, Instagram-სა და TikTok-ს იყენებს. გარდა ამისა, ყველა დაინტერესებულ ადამიანს შეუძლია მის ფერმასაც ესტუმროს და ადგილზე, საკუთარი თვალით იხილოს, როგორ მოჰყავს სხვადასხვა პროდუქტები. ნებისმიერ ადამიანს შეუძლია, პროდუქტი იქვე შეიძინოს და დააგემოვნოს ახლადდაკრეფილი ბიოპროდუქცია, რომელიც ჯანსაღები გემოთი და სურნელით გამოირჩევა.

რაც შეეხება სამომავლო გეგმას, "სამყურას" იდეის ავტორს აგროტურიზმის მიმართულების განვითარებაც სურს. ნიკა ბაგალიშვილი გეგმავს, ადგილზე უმასპინძლოს როგორც ადგილობრივ, ისე - უცხოელ ტურისტებს და შესთავაზოს ადგილზე წარმოებული პროდუქტებით შექმნილი კერძები. "მსურს, ჩემი მეურნეობა გადავიდეს იმ ფაზაზე, რომ ვიყოთ არამხოლოდ პროდუქტების მწარმოებლები, არამედ - შევძლოთ, მეტი ინფორმაცია გავავრცელოთ ბიომეურნეობასა და სხვადასხვა კულტურებზე, რომელიც საქართველოში დეფიციტურია. მსურს, რაც შეიძლება მეტ ადამიანს გავაგებინოთ, რომ ჯანმრთელობა ყველაზე მნიშვნელოვანია და რა ცოდნაც გვაქვს ადამიანებს, აუცილებლად უნდა გავუზიაროთ იმისათვის, რომ უფრო ჰარმონიულად ვიცხოვროთ ერთმანეთთან და ბუნებასთან მიმართებით", - აღნიშნავს ნიკა ბაგალიშვილი.

ელენე ლომსაძე

ჟურნალისტი

ინოვაციებისა და საერთაშორისო პროექტების გუნდის წევრი Steinbeis School of International Business and BIZ Experiencesship, Germany-ში. Google Global I/O Extended-ის თანაორგანიზატორი.