ლიზინგის მომავალი: "ტერა ლიზინგის" გამოცდილება, ზრდა და გეგმები

Opinions expressed by BIZ Experiences contributors are their own.

You're reading BIZ Experiences Georgia, an international franchise of BIZ Experiences Media.

საქართველოში ფინანსური ტექნოლოგიებისა და ბიზნესის განვითარების თანამედროვე ისტორია არცთუ ისე დიდ დროს ითვლის და ამ ისტორიაში "ტერა ლიზინგის" გუნდის როლი ძალიან დიდია. მათი გზა ლიზინგის სამყაროში იმ დროიდან იწყება, როცა ეს სფერო ჯერ კიდევ ახალი და უცხო ხილი იყო ქვეყნის ბაზრისთვის.

ლიზინგი ფინანსური სერვისია, რომელიც კომპანიებსა და ფიზიკურ პირებს აძლევს საშუალებას, გამოიყენონ საჭირო ტექნიკა, მანქანა-დანადგარები ან სხვა ძირითადი საშუალებები. მომხმარებელი იხდის პერიოდულ ლიზინგის გადასახადს შეთანხმებული ვადის განმავლობაში, ამ ვადის ბოლოს კი, ღირებულების სრულად დაფარვის შემდეგ, ხდება აქტივის მესაკუთრე.

ლიზინგი მნიშვნელოვანი ალტერნატიული ინსტრუმენტია ბიზნესისთვის, რომელიც მას საშუალებას აძლევს, განახორციელოს მასშტაბური საინვესტიციო გეგმები ტექნოლოგიური ან მატერიალური ბაზის გასაძლიერებლად.

ნატო ტორონჯაძე, "ტერა ლიზინგის" გენერალური დირექტორი, იხსენებს, რომ ლიზინგის ინდუსტრია გუნდის წევრებისთვის ჯერ კიდევ 2009 წელს გაიხსნა. მაშინ ლიზინგი ნაკლებად ცნობადი იყო საზოგადოებისათვის – განსხვავებული და უფრო კომპლექსური ფინანსური პროდუქტი, ვიდრე ჩვეულებრივი საბანკო სესხები. ბიზნესსკოლის სტუდენტისთვის კი ეს გამოწვევებით სავსე სფერო განსაკუთრებით მიმზიდველი აღმოჩნდა. ნატო გვიხსნის, რომ ლიზინგი ბიზნესისთვის დაფინანსების ალტერნატიულ გზას წარმოადგენს და სწორედ ეს საჭიროება შეამჩნია გუნდმა ქართულ ბაზარზე.

"2009 წელს დავიწყეთ მუშაობა. მაშინ მსოფლიო და ქართული ეკონომიკა კრიზისის შემდეგ რთულ მდგომარეობაში იყო. პირველ კომპანიას პატარა პორტფელი ჰქონდა და დიდი რაოდენობით ვადაგადაცილებული ლიზინგი. მენეჯერულმა გუნდმა ენერგია არ დაიშურა, რომ კომპანია ამ მძიმე სიტუაციიდან გამოეყვანა", – ამბობს ნატო ტორონჯაძე.

სწორედ ამ პერიოდში კომპანია ახალი ადამიანებით გაძლიერდა. მათ რიგებში იყვნენ სალომე ღუდუშაური და ბექა ვახტანგიშვილი, შემდეგ კი ლევან გოგორელიანი და მარიამ ბერაძე. ნატო ამბობს, რომ ნელ-ნელა ჩამოყალიბდა ახალგაზრდა, მოტივირებული პროფესიონალების გუნდი, რომელმაც კომპანიას წინსვლის გზა გაუხსნა.

"ეს სფერო ძალიან კომპლექსურია – მომწოდებლები, პარტნიორები, კლიენტები. ამ ყველაფრის ერთად მართვამ დაგვანახვა, რომ არის სხვა მიმართულებებიც, სადაც განვითარება შეგვეძლო", – აღნიშნავს ნატო. სწორედ ამ ხედვამ გააჩინა შემდეგი იდეა – შეექმნათ "ბიზონი", ერთგვარი ონლაინპლატფორმა, Marketplace, რომელიც ტექნიკის ლიზინგს და ყიდვა-გაყიდვას გააციფრულებდა.

პირველი კომპანიიდან ათი წლის თავზე წამოვიდნენ და გადაწყვიტეს საკუთარი პლატფორმის შექმნა, მოიზიდეს კიდეც გრანტები, კერძო ინვესტიცია და დაიწყეს "ბიზონის" განვითარება.

თუმცა, როგორც ნატო იხსენებს, გზა რთული აღმოჩნდა. 2019 წლის ბოლოს პლატფორმა წარმატებულად ამუშავდა, თუმცა მალევე დაიწყო პანდემია, რომელმაც მთელი მსოფლიო გააჩერა. როდესაც სიტუაცია ცოტა ჩაწყნარდა და ინვესტიციების მოზიდვაც განახლდა, ახალი კრიზისი დაიწყო – რუსეთი უკრაინაში შეიჭრა.

"ასეთ დროს არც ფიზიკურ პირებს და არც კომპანიებს არ სურთ დიდძალი ინვესტიცია ჩადონ მანქანა-დანადგარებში ანუ გრძელვადიან აქტივებსა და განვითარებაში", – ამბობს ნატო. მაგრამ აქვე დასძენს, რომ ამ გამოწვევების მიუხედავად, მათ არასდროს უფიქრიათ გაჩერებაზე, პირიქით – ერთგვარი მამოტივირებელი ფაქტორი გახდა ყოველივე.

"ერთადერთი მომენტი, როცა დანებებაზე ვიფიქრეთ, იყო 2022 წელი. მაშინ ვთქვით, რომ თუ წლის ბოლომდე ვერ მივაღწევდით პროგრესს, სხვა მიმართულებას ვცდიდით. სწორედ მაშინ მივაღწიეთ შეთანხმებას ტერაბანკთან", – იხსენებს ის.

სალომე ღუდუშაური, "ტერა ლიზინგის" საოპერაციო დირექტორი, ამბობს, რომ კრიზისის გარეშეც ტექნოლოგიის დანერგვა ყოველთვის გულისხმობს კომფორტის ზონიდან გასვლას, განსაკუთრებით ისეთ ტრადიციულ ბიზნესებში, როგორიცაა ტექნიკის გაყიდვა და ლიზინგი.

მისი თქმით, პლატფორმისთვის მთავარი სირთულე იყო ციკლური ხასიათი – თუ კონტენტი არ არის, მყიდველი არ მოდის, ხოლო თუ მყიდველი არ ჩანს, მომწოდებელი ვერ ხედავს სტიმულს, რომ პლატფორმა შინაარსით შეავსოს. ამიტომაც გუნდი მუდმივად ეძებდა ახალ გზებსა და ინვესტორებს.

"ძალიან მადლიერები ვართ ჩვენი პირველი ინვესტორების, მაგრამ ამ სფეროში მიღწეულით კმაყოფილება ვერ იქნება საკმარისი. ამიტომაც, ყოველთვის ვეძებდით გრანტებს და ახალ ინვესტიციებს", – ამბობს სალომე ღუდუშაური.

ყველა სირთულის მიუხედავად, გუნდი არ დანებდა. ლევანი, კომპანიის კომერციული დირექტორი, აღნიშნავს, რომ ამ გუნდის გარეშე ალბათ ინდივიდუალურად სხვა გადაწყვეტილებას მიიღებდა და დანებდებოდა, მაგრამ საერთო ძალისხმევამ მათ საშუალება მისცა, ერთად გაეგრძელებინათ ბრძოლა. "ამ გზამ მიგვიყვანა "ტერაბანკთან", – ამბობს ის.

საბოლოოდ "ტერაბანკმა", რომელმაც დაინახა SME კლიენტებისთვის ლიზინგის, როგორც ალტერნატიული ფინანსური ინსტრუმენტის მნიშვნელობა, გუნდის კონსულტაციის შემდეგ მიიღო გადაწყვეტილება და შეიქმნა "ტერა ლიზინგი". თავდაპირველად კომპანია ბანკის შიგნით ფუნქციონირებდა, მაგრამ ორ წელიწადზე ნაკლებ დროში სტარტაპის ეტაპი გაიარა – ამ პროცესის უკან იდგა როგორც გუნდის პროფესიონალიზმი, ასევე "ტერაბანკის" გამოცდილება და რესურსები.

მრავალმილიონიანი ინვესტიცია და გზა "ბიზონიდან" "ტერა ლიზინგამდე"

"ტერა ლიზინგის" შექმნის გზაზე ბევრი ფაქტორი დაემთხვა ისე, რომ შედეგი თითქოს წინასწარ იყო გაწერილი. სალომე ღუდუშაური იხსენებს, რომ ყველაფერი ლოგიკურად განვითარდა. მისი თქმით, ტერაბანკი SME ბაზარზე მყარად იყო პოზიციონირებული და ლიზინგის დანერგვა ამ სეგმენტისთვის სრულიად ბუნებრივი ნაბიჯი გახდა.

"ტექნიკისა და მანქანა-დანადგარების ლიზინგის მიმართულებით ჩვენ ვიყავით მათი პირველი არჩევანი, როგორც კონსულტანტები", – ამბობს სალომე.

მათი გუნდიც სწორედ იმ დროს ეძებდა ინვესტორს, როდესაც "ტერაბანკი" ეძებდა გუნდს, რომელიც მათ ბიზნესიდეას რეალობად აქცევდა.

"მათ დაინახეს, რომ ჩვენი გზების გადაკვეთით შეიქმნებოდა სინერგია".

გადამწყვეტ როლს ასრულებდა "ტერაბანკის" მენეჯმენტის დამოკიდებულება. "ბანკის მენეჯმენტისთვის მნიშვნელოვანი იყო არა მხოლოდ ფინანსური სარგებელი, არამედ ისეთი პარტნიორობა, სადაც ყველა თანაბრად კმაყოფილი და დაფასებული იქნებოდა", – აღნიშნავს სალომე ღუდუშაური.

ნატო ტორონჯაძე კი იხსენებს, რომ "ტერაბანკი" არ იყო ერთადერთი დაინტერესებული ინვესტორი, მაგრამ საბოლოოდ მათი არჩევანი სწორედ ამ ორგანიზაციაზე შეჩერდა.

"ეს იყო სწორი გადაწყვეტილება. მათი თანამშრომლებზე ორიენტირებული, საქმიანი და კეთილსინდისიერი კულტურა ძალიან ახლოს იყო ჩვენთან. ეს ურთიერთნდობა გახდა იმის საფუძველი, რომ კომპანიამ მეორე წლიდან უკვე მოგება ნახა და პირველი წლის ბოლოსვე გავედით Break Even Point-ზე, რაც სალიზინგო ბიზნესში იშვიათია", – ამბობს ნატო.

ლევანი ამბობს, რომ "ტერაბანკის" მხარდაჭერამ მათ საშუალება მისცა, რეალურად შეექმნათ სალიზინგო კომპანია. "ბიზონი" მხოლოდ მარკეტპლეისია, სადაც ტექნიკით ვაჭრობენ. ასეთი ძვირადღირებული პროდუქტის შეძენა მეწარმისთვის მარტივი არ არის, ლიზინგის დამატებამ კი პირდაპირ გააძლიერა "ბიზონის" იდეა – მომხმარებელი ერთ სივრცეში იღებდა როგორც არჩევანს, ისე დაფინანსებას".

კომპანიის რისკების დირექტორი, მარიამ ბერაძე იხსენებს, რომ "ტერაბანკის" მხარდაჭერა განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო საწყის ეტაპზე. "ბევრი პროცესის ოპტიმიზაციაში დაგვეხმარნენ და ჩვენი გუნდი გრძნობდა, რომ ყველა გულშემატკივრობდა ამ წამოწყებას", – ამბობს ის.

ნატო კი განმარტავს, რომ ბანკის მხრიდან დამფუძნებლობა ინსტიტუციური სანდოობის გარანტი არის. "ბანკის სტანდარტებში მუშაობა დიდი გამოცდილება იყო. ლიზინგის ცოდნა რომ არ გვქონოდა, ბანკის რეგულაციებში ჩაჯდომა ბევრად უფრო გაგვიჭირდებოდა. ამ გამოცდილებამ მოგვცა საშუალება, რომ შემდეგში ბანკისგან გამოყოფა და მათ შვილობილ კომპანიად ჩამოყალიბება გაცილებით მარტივად განხორციელებულიყო. დღეს "ტერა ლიზინგის" მთავარი მეწილე კვლავ "ტერაბანკია", რაც კომპანიისთვის სტაბილურობის გარანტია".

მისივე თქმით, ბანკის მხარდაჭერით მათ სწრაფად მოახერხეს რეგიონებში გასვლაც – ეს განსაკუთრებით რთულია იმ კომპანიისთვის, რომელიც დამფუძნების პირველ წელს დამოუკიდებლად იწყებს ოპერირებას. ამ ყველაფერმა კი საბოლოო ჯამში სწრაფი ზრდა განაპირობა.

მარი აღნიშნავს, რომ მნიშვნელოვანი როლი ითამაშა "ტერა ლიზინგის" გუნდის წევრების პირადმა პროფესიულმა რეპუტაციამაც. ბაზარზე თითოეულის ცნობადობა მაღალია და ესეც განაპირობებს, რომ კომპანიები, პირველ რიგში, სწორედ მათთან მოდიან.

ლევანის თქმით, სალიზინგო ბაზრის განვითარება პირდაპირაა კავშირში ეკონომიკასთან. "სტაბილურ პერიოდში კომპანიები იწყებენ განვითარებაზე ფიქრს და დგამენ ნაბიჯებს ეკომეგობრული ან ტექნოლოგიურად განახლებული წარმოებისკენ. ამ დროს ლიზინგი ხდება მათთვის უმნიშვნელოვანესი ფინანსური ინსტრუმენტი. შეიძლება ითქვას, რომ ეკონომიკა ავითარებს ლიზინგს, ხოლო ლიზინგი – ეკონომიკას".

ნატო ამატებს, რომ ლიზინგის პენეტრაცია საქართველოში ჯერ კიდევ დაბალია – მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ-ის) დაახლოებით 0,6%, მაშინ როცა მსგავს ეკონომიკებში ეს მაჩვენებელი 1,5-2%-ია. ეს კი "ტერა ლიზინგის" გუნდისთვის ნიშნავს, რომ ლიზინგს საქართველოში დიდი პოტენციალი აქვს.

"ტერა ლიზინგის" მაჩვენებლები ამის ნათელი დასტურია: კომპანია წინა წელთან შედარებით სამჯერ გაიზარდა და ახლა უკვე მოგებიანი ბიზნესია, რომელსაც მომდევნო წლებში 20%-ზე მეტ უკუგებაზე სურს ასვლა.

"წელს ჩვენი ზრდა 80%-ია და მომავალში ველოდებით 60%-იან ზრდას", – ამბობს ნატო.

მარი წარმატების ყველაზე მნიშვნელოვან ორ მომენტს ასახელებს. როგორც თავად ამბობს, სწორედ ამ მომენტებში გახდა ნათელი, რომ გუნდის მისია და მიზნები რეალობად იქცეოდა.

"პირველი იყო, როცა წლის ბოლოს შედეგებს გადავხედეთ და ვნახეთ, რომ შევქმენით დიდი, დაბალრისკიანი პორტფელი. მეორე კი – 2025 წლის მარტში, როცა "ტერაბანკისგან" გამოყოფა და დამოუკიდებელი იურიდიული პირის შექმნა დასრულდა".

ნატო დასძენს, რომ ასეთი მასშტაბის გამოყოფა საქართველოში იშვიათად მომხდარა. მისივე თქმით, ეს ძალიან კომპლექსური პროცესი იყო. გუნდმა სხვადასხვა ბანკისგან – "თიბისი", "ხალიკ ბანკი", "ბაზისბანკი", "იშბანკი" – მოიზიდა სესხები და შეიქმნა კრედიტორების სინთეზი.

"პროცესი ისე დავგეგმეთ და წარვმართეთ, ტექნოლოგიურად ისე მოვემზადეთ, რომ საოპერაციო წყვეტა არ გვქონია და მომხმარებლების მომსახურება ერთი დღეც არ გაგვიჩერებია, მიუხედავად იმისა, რომ უდიდესი პორტფელი გადმოვიტანეთ ბანკიდან შვილობილ კომპანიაზე", – ამბობს ის და მადლობას უხდის ყველა პარტნიორს, განსაკუთრებით "ტერაბანკს", როგორც ახალი კომპანიის მთავარ დამფუძნებელს.

როგორ იქმნება "ტერა ლიზინგის" გუნდი – ადამიანებზე ორიენტირებული პოლიტიკა

"ტერა ლიზინგში" ადამიანებს განსაკუთრებულად უდგებიან, რადგან მენეჯმენტის აზრით, წარმატებული ბიზნესი ძლიერი გუნდის გარეშე არ არსებობს. სალომე ღუდუშაური იხსენებს, რომ თანამშრომლების შერჩევის პროცესში თავიდანვე ორი მნიშვნელოვანი კრიტერიუმი ჰქონდათ – პროფესიონალიზმი და მოტივაცია.

"ყოველ ჯერზე გულდასმით ვერთვებით პროცესში, რომ დავინახოთ, რამდენად შეუძლია კანდიდატს გახდეს სრულფასოვანი წევრი და შეერწყას ჩვენს კულტურას. პროფესიონალიზმთან ერთად, ვაფასებთ მის ენთუზიაზმსა და საქმის სიყვარულს. ეს საქმე მთლიანად ადამიანებზე დგას, ამიტომ უნდა უყვარდეს ის, რასაც გააკეთებს", – ამბობს სალომე.

ნატო ტორონჯაძეც იმავე ხაზს ავლებს და ამატებს, რომ დღეს უკვე 24 თანამშრომელი ჰყავთ და მალე გუნდი კიდევ უფრო გაიზრდება. მისი თქმით, კომპანიაში გულწრფელობას განსაკუთრებით აფასებენ და გუნდში ყველა ცდილობს, თავისი თავის საუკეთესო ვერსია წარმოაჩინოს ყოველდღიურ საქმეში.

"ტერა ლიზინგის" გუნდის განსაკუთრებულობას მათი განვითარების კულტურაც ქმნის. როგორც ნატო აღნიშნავს, ისინი თანამშრომლებს მრავალფეროვან ტრენინგებს, ქოუჩინგის სესიებსა და პიროვნული განვითარების პროგრამებს უფინანსებენ.

"თუ გინდა, რომ თანამშრომელი წარმატებული იყოს და კომპანიის ზრდაში შეიტანოს წვლილი, უნდა შექმნა შესაბამისი პირობები. ბედნიერი, თვითრეალიზებული თანამშრომელი მოტივირებული და ენერგიულია", – ამბობს ნატო.

ის ასევე ამატებს, რომ კომპანია ცდილობს, თანამშრომლებს შეუქმნას ისეთი გარემო, სადაც ოჯახსა და პირად ცხოვრებას დაუთმობენ დროს. "ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ქალებისთვის. ქალის როლი ოჯახში ჯერ კიდევ დიდია და ამას თუ სამუშაო სტრესიც ემატება, ხშირად ყველაფერი რთულდება. ჩვენ გვინდა, რომ მათ მაქსიმალურად შევუწყოთ ხელი და ამავდროულად, წამოვწიოთ ქალები ყველა პოზიციაზე. დღეს ჩვენი გუნდის დაახლოებით 70%-მდე ქალია".

მარი კი დამატებით აღნიშნავს, რომ კომპანიაში ყოველწლიურად ატარებენ კვლევებს, რათა გაიგონ თანამშრომელთა მოსაზრებები და სურვილები. მიღებული შედეგებით კი ყველა რგოლის მენეჯერი ხელმძღვანელობს და ხდება ანალიზი, სად და რა უნდა შეიცვალოს თანამშრომლებისთვის უფრო კომფორტული გარემოს შესათავაზებლად.

"კვლევებში 95%-იანი ინგეიჯმენტი გვაქვს, რაც ქართულ ბაზარზე, ფინანსურ სექტორში ძალიან რთულად მისაღწევი მაჩვენებელია", – ამბობს მარი BIZ Experiences-თან ინტერვიუში.

ქალების როლი "ტერა ლიზინგის" წარმატებაში

სალომე ხაზს უსვამს, რომ ლიზინგისა და ტექნიკის სექტორი, ხშირ შემთხვევაში, "მამაკაცებით დომინირებული სფეროა". ამის მაგალითად ისიც კმარა, რომ "ტერაბანკი" ქვეყანაში ერთადერთია, რომლის დირექტორიც ქალია.

"მომწოდებლები და პარტნიორები თითქმის ყოველთვის მამაკაცები არიან. ამ სფეროში ქალების წარმომადგენლობა მცირეა. თუმცა, ჩვენთვის სიძლიერეა, რომ ასეთი დაბალანსებული გუნდი გვყავს, როგორც მთლიანობაში, ისე შუა რგოლის და ტოპმენეჯერების დონეზე", – ამბობს სალომე და ამატებს, რომ ქალებს ფორსირებულად, წინასწარ გაწერილი კვოტებით არ ნიშნავენ თანამდებობებზე – "ისინი თავად არიან პროფესიონალები და საუკეთესოები თავიანთ სფეროში".

ნატო ამ საკითხს სოციალური და ეკონომიკური გადმოსახედიდანაც აფასებს. ამბობს, რომ ქალს აქვს ყველანაირი უნარი, მიაღწიოს წარმატებას, მაგრამ საქართველოში მაინც არსებობს დაბრკოლებები, მათ შორის ანაზღაურების მხრივ და საბოლოო ჯამში ვიღებთ ე.წ. უხილავ ჭერს, რომელსაც ბევრი აწყდება.

"ჩვენი პოლიტიკაა, ერთნაირი შანსი მივცეთ ყველას. მაგალითად, კვლევები აჩვენებს, რომ ქალი მხოლოდ მაშინ აგზავნის აპლიკაციას, როცა ვაკანსიის ყველა მოთხოვნას აკმაყოფილებს, კაცები კი მაშინაც კი, როცა მხოლოდ ნაწილს აკმაყოფილებენ. ამიტომაც გვინდა, გასაუბრებაზე მოსულმა პოტენციურმა დასაქმებულმა იცოდეს, რომ საკუთარი თავის საუკეთესო ვერსია შეუძლია ჩვენთან ერთად გახდეს", – ამბობს ნატო.

მისივე თქმით, გასაუბრებაზე ცდილობენ ქალებს მისცენ შესაძლებლობა, მეტად გაიხსნან და გამოავლინონ საკუთარი უნარები. "ასე ვხვდებით ხოლმე, რამდენად დიდი პოტენციალი აქვთ მათ. ამის გაუთვალისწინებლობა კი არა მხოლოდ სოციალურ, არამედ ეკონომიკურ ზიანსაც მოგვიტანდა".

მომდევნო ფურცელი კომპანიის გზაზე – ახალი ფინანსური დირექტორის ხედვები და გეგმები

"ტერა ლიზინგის" გზაზე ახალი მნიშვნელოვანი ნაბიჯი ფინანსური დირექტორის გუნდში შემოსვლა იყო. როგორც ლაშა კივილაძე აღნიშნავს, მისთვის მთავარი მოტივატორი გახდა თავად გუნდი, რომელიც, მისი სიტყვებით, განსაკუთრებულად გამოცდილ და სწორად დაკომპლექტებულ პროფესიონალებს აერთიანებს.

"ეს არის ძალიან ენერგიული, განვითარებასა და მუდმივ წინსვლაზე ორიენტირებული ორგანიზაცია, და მჯერა, რომ ერთად კიდევ უფრო ბევრ წარმატებას მივაღწევთ, რაშიც დარწმუნებული ვარ, ჩემს წვლილსაც შევიტან", – ამბობს ლაშა.

ლაშა ხედავს, რომ კომპანიის მთავარი მიზანი სწრაფ ზრდასთანაა დაკავშირებული:

"სწრაფ ზრდას სჭირდება გუნდი, რომელიც პროცესს ჯანსაღად წარმართავს, და "ტერა ლიზინგში" ასეთი გუნდი ნამდვილად არის".

ზრდის ტემპის შესანარჩუნებლად საჭირო იყო ფინანსური რესურსების განმტკიცება. ლაშას თქმით, ამჟამად კომპანიას უკვე ჰყავს 5 ადგილობრივი ფინანსური მხარდამჭერი – "ტერაბანკი", "იშბანკი", "თიბისი", "ბაზისბანკი" და "ხალიკ ბანკი". ასევე, გუნდმა უკვე მიაღწია შეთანხმებას პირველ საერთაშორისო კრედიტორთან.

"მადლობელი ვართ მათი ამ ნდობისთვის. აქტიური ზრდის პარალელურად ვმუშაობთ ახალი პარტნიორების მოზიდვაზე როგორც საქართველოს ბაზარზე, ისე საზღვარგარეთ. დარწმუნებული ვარ, ძალიან მალე კიდევ უფრო მეტი ინვესტორი შემოგვიერთდება", – ამბობს ლაშა.

ნატო ტორონჯაძე ხაზს უსვამს, რომ განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ქართულ ბანკებთან თანამშრომლობა. "ქართულმა ბანკებმა დიდი მხარდაჭერა გამოგვიცხადეს და ეს მისცემს ჩვენს კომპანიას იმ სტაბილურობას, რაც საჭიროა მდგრადი განვითარებისთვის. გვაქვს კომპანიის გაორმაგების გამოცდილება და ასეთ დროს ფინანსური მხარდაჭერა კრიტიკულია", – ამბობს ის.

ნატოს თქმით, კომპანიის განვითარების მეორე მნიშვნელოვანი ასპექტია საერთაშორისო ფინანსურ ინსტიტუტებსა და ფონდებთან თანამშრომლობა.

"ბოლო კვარტლებში ბევრ ასეთ ორგანიზაციასთან გვქონდა შეხვედრები და მათი დაინტერესება მაღალია. როცა კომპანია იზრდება და ინარჩუნებს რისკის დაბალ დონეს, ის ხდება ძალიან საინტერესო დაფინანსების ობიექტი", – აღნიშნავს ნატო ტორონჯაძე.

მუდამ სიახლის ძიებაში – რა არის "ტერა ლიზინგის" გუნდის მოტივაციის წყარო?

"ტერა ლიზინგის" გუნდს, მიუხედავად ამ ეტაპის ჩვეულებრივზე სწრაფად გავლისა, კვლავაც შენარჩუნებული აქვს სტარტაპისთვის დამახასიათებელი დინამიკა და მოტივაცია, რომელიც დღემდე მნიშვნელოვანია მათ სამუშაო სულისკვეთებაში.

სალომე ღუდუშაური აღნიშნავს, რომ ამაში "ბიზონის" სტარტაპულ ფაზაში შეძენილი გამოცდილება დაეხმარათ.

"როგორც კი მყარი პარტნიორი შევიძინეთ, გაჩნდა სტაბილურობის შეგრძნებაც. მაგრამ თვე არ გავა, რომ რაიმე ახალი არ დავიწყოთ. კომპლექსური დემერჯერის დასრულების შემდეგაც კი მალევე ახალი პროექტები წამოვიწყეთ", – ამბობს სალომე.

მისი თქმით, მუდმივი განვითარება და ინიციატივები გუნდში მოტივაციას ამაღლებს. "ვმუშაობთ ტექნოლოგიური გადაწყვეტების დანერგვაზე, პროდუქტების განვითარებაზე, და ამ პროცესში ყველაა ჩართული. ყველა გრძნობს თავს ამ დიდი გუნდის მნიშვნელოვან ნაწილად და სწორედ ეს ინარჩუნებს ჩვენი მუშაობის სულს".

ნატო ტორონჯაძე ხაზს უსვამს ყოველი თანამშრომლის ჩართულობის მნიშვნელობას. "ტერა ლიზინგში" არ არის ე.წ. ზემოდან დაწერილი სტრატეგია, რომელსაც რუტინულად ასრულებენ თანამშრომლები. ყველა სრულყოფილად არის ჩართული მიზნების დასახვასა და გეგმის შემუშავებაში. ყველამ იცის, რა გავლენა აქვს მის მუშაობას კომპანიის მიზნებზე.

მისივე თქმით, სწორედ ეს საერთო მიზნები და მათკენ დაუღალავი სწრაფვა გახდა იმის საფუძველი, რომ კომპანია შარშანდელი 16-მილიონიანი პორტფელიდან წელს 50 მილიონამდე გაიზარდა, ხოლო მომავალ წელს 100-მილიონიან შედეგზე აპირებენ გასვლას.

"ეს კი სრულად ამ გუნდის დამსახურებაა", – ამბობს ნატო.

ლევანი განმარტავს, რომ "ტერა ლიზინგის" მთავარი უპირატესობა ინდივიდუალური მიდგომაა მომხმარებლების მიმართ. "ჩვენ არ ვემსახურებით კლიენტებს სტანდარტული, ერთნაირი პირობებით. ვსწავლობთ თითოეულის საჭიროებას და მათზე მორგებულ, სწორ შეთავაზებას ვამზადებთ".

კომპანიის პროდუქტების განვითარების დირექტორის, ბექა ვახტანგიშვილის თქმით, ისინი ორი წელია ბაზარზე არიან და უკვე რამდენიმე ახალ პროექტს გეგმავენ – მათ შორის, ავტომობილების ბაზარზე შესვლას და სამედიცინო სექტორისთვის სპეციალური შეთავაზებების განვითარებას. "ეს მუდმივი განვითარება და ნამდვილი საჭიროებების დანახვა გამოგვყოფს ბაზარზე სხვებისგან".

"ტერა ლიზინგში" ღირებულებები არ არის მხოლოდ ლამაზად შეფუთული ფრაზები – ისინი ყოველდღიურ საქმიანობაშიც მკაფიოდ აისახება. მარი ამბობს, რომ მათი გუნდის მთავარი ღირებულებებია სამართლიანობა, ნდობა, გულწრფელი კომუნიკაცია, პროფესიონალიზმი და წარმატებაზე ორიენტირებულობა.

"ჩვენ გვინდა, რომ თითოეულმა თანამშრომელმა იგრძნოს თავი წარმატებულად როგორც გუნდის წევრმა, ისე ინდივიდუალურად. გვინდა, რომ ჩვენი წინსვლა თითოეულ მათგანზე აისახოს", – გვეუბნება მარი.

ნატო კი ამატებს, რომ მარცხი და შეცდომებიც პროცესის ნაწილია. მისი თქმით, გუნდში ყველას ესმის, რომ სულ ფეიერვერკები არ არსებობს და როცა მარცხდები, უნდა იგრძნო, რომ ეს წინსვლას არ აჩერებს.

"ჩვენ მაინც ვაგრძელებთ გზას და მასშტაბურ მიზნებს ვუსახავთ თავს", – ამბობს ნატო ტორონჯაძე.

სალომე კი გუნდური ფილოსოფიის მთავარ მესიჯზე ამახვილებს ყურადღებას: "ჩვენი მთავარი მესიჯია – პარტნიორობა პროგრესისთვის. ეს ასახავს იმას, რაც ვართ. ჩვენ ვქმნით კარგ პარტნიორულ ციკლს სხვადასხვა ორგანიზაციასა და რგოლთან და ამით ვეხმარებით ჩვენს მომხმარებლებს, რომ პროგრესი უზრუნველვყოთ მათ ბიზნესშიც და შესაბამისად, ქვეყნის ეკონომიკაშიც".

განვლილი გზის ანალიზი

"ტერა ლიზინგის" გუნდის წევრები უკან იყურებიან, აფასებენ საკუთარ გადაწყვეტილებებს, განსაკუთრებით დემერჯერის, "ტერაბანკისგან" გამოყოფის, პროცესს. კომპანიაში ამბობენ, რომ დამფუძნებლად ისეთი ძლიერი ინსტიტუტის ყოლა, როგორიც "ტერაბანკია", უდიდესი უპირატესობაა. ხოლო მისგან გამოყოფის პროცესი კრიტიკული მნიშვნელობის იყო იმისათვის, რომ ლიზინგის პროდუქტები დამოუკიდებლად განვითარებულიყო.

მარი ამბობს, რომ ეს იყო ყველაზე სწორი ნაბიჯი და მის შეხედულებას ასე ხსნის: "შეგვეძლო დავრჩენილიყავით იქ, სადაც ვიყავით, არ გვექნებოდა ეს სირთულეები, კომფორტის ზონაში გავაგრძელებდით მუშაობას. დემერჯერი რთული იყო და დიდი რისკებიც ახლდა. მიუხედავად ამისა, ყველანი ვეთანხმებოდით, რომ სალიზინგო ბიზნესის უფრო ეფექტურად წარსამართად, ეს უნდა გაგვეკეთებინა და ცალკე გვემოქმედა. და დღეს, როცა ვხედავთ, რამდენად მაღალ დონეზე წარვმართეთ ეს პროცესი, ვხვდებით, რომ სწორედ ეს იყო ჩვენი ერთ-ერთი საუკეთესო გადაწყვეტილება", –აღნიშნავს მარი.

მისივე თქმით, მიუხედავად პანდემიის, ომისა და გლობალური კრიზისებისა, მათ არ შეეშინდათ და ეს გამბედაობა წარმატების საწინდარი გახდა.

ნატო ტორონჯაძე ამატებს, რომ ასევე ძალიან სწორი გადაწყვეტილება იყო სწორ პარტნიორთან თანამშრომლობა. "სწორი დრო იყო, როცა "ბიზონის" გაკეთება გადავწყვიტეთ – წამოვედით კომპანიიდან, სადაც უმაღლესი პოზიციები გვქონდა და დავიწყეთ ნულიდან. ეს საჭიროებდა დიდ გამბედაობას, საკუთარ შესაძლებლობებში რწმენას და ცოდნას", – აღიარებს ნატო.

რაც შეეხება შეცდომებს, ნატო ამბობს, რომ შეცდომა იყო "ბიზონის" საწყის ეტაპზევე რამდენიმე საკმაოდ რთული ამოცანის ერთდროულად დასახვა, რამაც რესურსების გაფანტვა გამოიწვია.

"შეიძლებოდა პატარა ნაბიჯებით დაგვეწყო წინსვლა", – აღნიშნავს იგი.

ნატო მეწარმეებს და მათ, ვისაც ახალი იდეების განხორციელება სურს, მთავარ რჩევას აძლევს – იფიქრონ მომხმარებლის პერსპექტივით.

"შენ შეიძლება იდეალურად წარმოგედგინოს ბიზნესი, მაგრამ ეს არ იყოს ის, რასაც ბაზარი ითხოვს. მნიშვნელოვანია, რომ კარგად შეისწავლოთ მომხმარებელი, მიხვდეთ მის ტკივილს და ისე შესთავაზოთ გადაწყვეტა. ინოვაცია ყოველთვის დიდი პრობლემის გადაჭრა არ არის – შეიძლება იყოს პატარა პრობლემის მარტივი გადაწყვეტაც, რომელმაც შესაძლოა მოულოდნელად დიდი შედეგი და წარმატება მოიტანოს". მისი რჩევაა, ბიზნესი დაინახონ როგორც დიდი სურათი და შემდეგ ეს სურათი პატარა ნაბიჯებად დაყონ.

რას სიახლეებს უნდა ველოდოთ "ტერა ლიზინგისგან"?

"ტერა ლიზინგის" მიზნები როგორც მოკლევადიან, ისე გრძელვადიან პერსპექტივაში ამბიციურია. ლევანი ამბობს, რომ წელს მთავარი ამოცანაა დასახული მიზნების წარმატებით შესრულება და წლის დახურვა სასურველი შედეგებით.

"გრძელვადიანად კი გვინდა შევქმნათ სალიზინგო მომსახურების ახალი გამოცდილება საქართველოში – შევქმნათ ინდივიდუალურად მორგებული სერვისები ყველა სექტორისთვის, იქნება ეს მედიცინა, წარმოება თუ ბეჭდვა. გვაქვს აგრესიული ზრდის გეგმები და გვინდა ბაზრის მინიმუმ 30%-ს ვიკავებდეთ უახლოეს წლებში", – ამბობს ლევანი.

"ჩვენი კონკურენტული უპირატესობაა, არა მარტო დაფინანსების მიწოდება, არამედ მომხმარებლის მხარდაჭერა სწორი აქტივის შერჩევაში, შესყიდვასა და მოვლა-პატრონობაში, იქნება ეს მუდმივი მონიტორინგი, გეგმური მომსახურებების კონტროლი, სადაზღვევო შემთხვევების მართვა თუ სხვა მომსახურებები, რაშიც პირველივე დღიდან ვართ ჩართულები. მომსახურების ხარისხის შენარჩუნება და გაუმჯობესება, ჩვენი ექსპერტიზის ზრდა თითოეული მიმართულებით უცვლელად რჩება ჩვენს მთავარ მიზნებში".

ბექა კი ახალი მიმართულებების მნიშვნელობაზე საუბრობს. "ერთ-ერთი დიდი გეგმაა ავტოლიზინგის განვითარება – მათ შორის ჰიბრიდული და ელექტროავტომობილების შეთავაზება. ასევე, გვინდა საოპერაციო ლიზინგის სწორად დანერგვა ბაზარზე, რომ მის სარგებელს ყველა ადეკვატურად ხედავდეს. დღეს ეს პროცესი ბევრისთვის გაურკვეველია, თუმცა მას შეუძლია ბიზნესის განვითარებაში დიდი წვლილი შეიტანოს", – ამბობს ბექა.

ის ხაზს უსვამს ლიზინგის ცნობადობის ზრდის მნიშვნელობას როგორც ქვეყნის ეკონომიკის, ისე კომპანიისთვის. "გვინდა გავაგრძელოთ არსებული აგრესიული ზრდა და უკუგების კოეფიციენტი 20%-ზე ავიყვანოთ, რაც ძალიან მიმზიდველი მაჩვენებელია. თუმცა, მთავარი მაინც ხარისხის შენარჩუნებაა".

"ტერა ლიზინგის" ისტორია ნათლად აჩვენებს, როგორ იქმნება ძლიერი ორგანიზაცია მაშინ, როცა გუნდი იჩენს გამბედაობას რისკის გასაღებად და მუდმივი განვითარებისკენ სწრაფვას. 15 წელზე მეტი გამოცდილება ლიზინგის ინდუსტრიაში, სწორი პარტნიორების არჩევა, ინოვაციური პლატფორმა და მომხმარებელზე მორგებული მიდგომა გახდა ის საფუძველი, რის გამოც გუნდმა შეძლო მრავალმილიონიანი ინვესტიციის მოზიდვა "ტერაბანკისგან", ლიზინგის ბაზარზე თავის სწრაფად და მყარად დამკვიდრება და ზრდის მნიშვნელოვანი მაჩვენებლების დაფიქსირება.

დღეს "ტერა ლიზინგი" ორიენტირებულია ზრდაზე, ტექნოლოგიურ განახლებასა და ინდივიდუალური შეთავაზებების განვითარებაზე ისეთ სფეროებში, როგორებიცაა წარმოება, ავტომობილების ბაზარი, სამედიცინო სექტორი, მშენებლობა და სოფლის მეურნეობა.

კომპანიის მიზანია, გახდეს ინდუსტრიის ლიდერი არა მხოლოდ პორტფელის ზომით, არამედ მომსახურების ხარისხითა და ინოვაციური გადაწყვეტილებებითაც, რაც ლიზინგის კულტურას ქვეყანაში ახალ საფეხურზე აიყვანს.

Business News

TikTok-ი და Facebook-ი არის "დროის სულელური ფლანგვა" და ადამიანებმა წიგნები უნდა წაიკითხონ

JPMorgan-ის აღმასრულებელი დირექტორის რჩევა ახალგაზრდებს - ჯეიმი დიმონის რჩევა ახალგაზრდებს