Wendy's-მა თავისუფლების მოედანზე მორიგი ფლაგმანი რესტორანი გახსნა

You're reading BIZ Experiences Georgia, an international franchise of BIZ Experiences Media.

17 ივლისს თბილისში, თავისუფლების მოედანზე, ლეგენდარული ამერიკული სწრაფი კვების რესტორნების ბრენდის, Wendy's-ის მორიგი ფლაგმანი რესტორანი გაიხსნა. ახალი რესტორანი გამოირჩევა უნიკალური ადგილმდებარეობით და გამორჩეული ინტერიერის დიზაინით, რომელიც ჰარმონიულად ერწყმის თბილისის არქიტექტურულ მემკვიდრეობასა და თანამედროვე ურბანულ გარემოს.

Wendy's-ის ახალ ობიექტთან ერთად განთავსებულია Dunkin'-ისა და Subway-ს რესტორნებიც, რაც სტუმრებს ერთ სივრცეში სთავაზობს უგემრიელესი ამერიკული მენიუების ყველაზე დიდ არჩევანს.

როგორც Wendy's-ის, Dunkin'-ისა და Subway-ის აღმასრულებელი დირექტორი, გივი გვეტაძე აღნიშნავს, ახალი ობიექტის ადგილი სიმბოლურადაა შერჩეული:

"დღეს გავხსენით Wendy's-ის 21-ე რესტორანი და თან თბილისის გამორჩეულ ადგილას – თავისუფლების მოედანზე. ინტერიერის დიზაინიც გამორჩეულია და ძველი თბილისის მოტივებს იმეორებს".

აღსანიშნავია, რომ Wendy's-ის, Dunkin'-ისა და Subway-ს გაერთიანებული ქსელი "ვისოლ ჯგუფის" მეშვეობით უკვე 130-მდე რესტორანს მოიცავს, რაც კომპანიის სარესტორნო ინდუსტრიის უმსხვილეს მოთამაშედ ჩამოყალიბებას ნიშნავს. დღეს "Wendy's საქართველო" ქსელისა და გაყიდვების ზრდის ტემპით ლიდერია არა მხოლოდ რეგიონში, არამედ საერთაშორისო მასშტაბით. "თავისუფლების მოედანზე გახსნილი ახალი რესტორანი მხოლოდ თავშეყრისა და კვების სივრცე არ არის – ეს არის Wendy's-ის ღირებულებების ზეიმი და თბილისის თანამედროვე ცხოვრების სტილის ნათელი ანარეკლი", – განაცხადა "ვისოლ ჯგუფის" პრეზიდენტმა, სოსო ფხაკაძემ.

ახალი რესტორნის გახსნის ცერემონიას Wendy's-ის საერთაშორისო დელეგაციაც დაესწრო, მათ შორის – APMEA რეგიონის ვიცე-პრეზიდენტი, კრის კონვეი და საერთაშორისო მარკეტინგის მენეჯერი, სოფო ჩოგოვაძე.

"საქართველოში პირველად ვარ და ადგილი, სადაც Wendy's-ის ახალი რესტორანი გაიხსნა, მართლაც განსაკუთრებულია. ამ ღონისძიებაზე კარგად იგრძნობა გუნდის ენერგია და წარმატების საიდუმლოც, ვფიქრობ, სწორედ გუნდის საქმისადმი თავდადებაშია. პროდუქტი, რომელსაც რესტორნებში იყენებენ, ადგილობრივია, რაც განსაკუთრებით დასაფასებელია", – აღნიშნა კრის კონვეიმ.

ღონისძიებაზე გამოვლინდნენ 2025 წლის საუკეთესო მენეჯერებიც. გამარჯვებულები – თამარ თორაძე და ბესიკ კალანდაძე – ცენტრალური ავტომაგისტრალის, არგვეთისა და თერჯოლის მონაკვეთზე მდებარე რესტორნების წარმომადგენლები არიან. მათი შეფასება დაეყრდნო მომხმარებელთა კმაყოფილების მაჩვენებლებს, მომსახურების ხარისხს, ჰიგიენურ სტანდარტებს და გუნდის მართვის უნარებს. ორივე მენეჯერი გაემგზავრება დუბაიში, Wendy's-ის საერთაშორისო კონვენციაზე.

"აქამდე არ ყოფილა შემთხვევა, რომ ერთი წლის განმავლობაში ერთი ქვეყნიდან ორი მენეჯერი დაეჯილდოებინათ. ეს ჯილდო ეფუძნება მომხმარებლის კმაყოფილებას, პროდუქტისა და სერვისის ხარისხს", – აღნიშნა Wendy's-ის, Dunkin'-ისა და Subway-ს აღმასრულებელმა დირექტორმა, გივი გვეტაძემ.

Wendy's საქართველოს ბაზარზე 2013 წლიდან არის წარმოდგენილი. მას შემდეგ სტაბილურად აფართოებს ქსელს და ავითარებს მომსახურებას. Wendy's-ის განახლებული საფასო პოლიტიკა ყველასთვის ხელმისაწვდომს ხდის გაუყინავი ხორცისგან, ცოცხალი ბოსტნეულისა და მცენარეული ხორცისგან დამზადებულ "ყველაზე მაგარ ბურგერებს". განახლებული მობილური აპლიკაცია კი, Wendy's-თან ერთად, Dunkin'-ისა და Subway-ს მომხმარებლებს სასიამოვნო გამოცდილებას, ექსკლუზიურ შეთავაზებებსა და წინასწარი შეკვეთის მარტივ სისტემას სთავაზობს, რაც ლოიალურ მომხმარებელთა რიცხვს დღითიდღე ზრდის.

მნიშვნელოვანია ისიც, რომ 2023 წელს საქართველო Wendy's-ის საუკეთესო ბაზრად დაასახელეს საერთაშორისო კონვენციაზე, რომელსაც კომპანიის აშშ-ისა და 30 სხვა ქვეყნის ფრენჩაიზის 2000-მდე წარმომადგენელი ესწრებოდა. გადაწყვეტილება დაფუძნებული იყო გაყიდვების რეკორდულ ზრდაზე, მომსახურების ხარისხზე, სტუმართა ნაკადსა და სურსათის უსაფრთხოების თანამედროვე სტანდარტებზე.