მუსია ქებურიას კრეატიული მოგზაურობა Seletti-ს ვორქშოპზე
Opinions expressed by BIZ Experiences contributors are their own.
You're reading BIZ Experiences Georgia, an international franchise of BIZ Experiences Media.
თანამედროვე დიზაინის თვალწარმტაც სამყაროში ცოტა სახელი რეზონირდება ისე, როგორც Seletti. სახელგანთქმული საკუთარი გაბედული, არატრადიციული მიდგომებით, Seletti არღვევს კრეატიულობისა და ინოვაციის საზღვრებს.
ახლახან, ცნობილმა დიზაინის სახლმა, Philip Morris Georgia-სთან თანამშრომლობით, მუსია ქებურია შეარჩია, რათა მას მონაწილეობა მიეღო პარმაში გამართულ ექსკლუზიურ ვორქშოპზე.
ვორქშოპი ცნობისმოყვარეობისა და სიურპრიზების გარშემო ერთიანდებოდა. Seletti-ს თამამი დიზაინის ენა, რომელიც არატრადიციული მიდგომებისადმი უშიშარი დამოკიდებულებითა და მიმღებლობით ხასიათდება, თანხვედრაში მოდის მუსიას არტისტულ ხედვასთან. სწორედ ამ კრეატიული ფილოსოფიების სინთეზმა შექმნა სივრცე ინოვაციებისთვის.
პარმაში გამართულ ვორქშოპში მონაწილეობა 20-ზე მეტმა საერთაშორისო არტისტმა მიიღო, რომლებიც განსხვავებულ იდეებსა და კრეატიულ ენერგიას აზიარებდნენ.
საკუთარი პროფესიული და პირადი გამოცდილების შესახებ მუსია თავად მოგვიყვება:
მუსია, გილოცავთ, Seletti-ის მიერ ვორქშოპში მონაწილეობის მისაღებად შერჩევას. შეგიძლია მოგვიყვე, აღნიშნული შესაძლებლობის შესახებ? რას ნიშნავს ის შენთვის პერსონალური და პროფესიული თვალსაზრისით?
პირველ რიგში, მადლობა! ეს შესაძლებლობა ჩემთვის ცოტა ზღაპრის და ფანტასტიკის ჟანრს ჰგავს, რომელიც სამყაროს მინიშნებასავით მივიღე - რომ იმ წლების შრომამ (იქნება ეს ქუჩის მხატვრობის თუ ექსპერიმენტების მიმართულებით, სხვადასხვა მედიებში, სივრცესა და დროში განვახორციელე), ჩემი ინტუიციისთვის ბრმად მინდობამ და მიყოლამ, ერთგვარი ქაოსური წესრიგის შექმნამ, ძალიან მნიშვნელოვან გზაჯვარედინამდე მიმიყვანა, საიდანაც ვფიქრობ გზა წინ აუცილებლად უფრო მეტად ფერადოვანი, მრავალფეროვანი და კიდევ უფრო საინტერესო იქნება, ვიდრე აქამდე.
პიროვნულ დონეზე ეს იყო ჩემთვის დასტური იმისა, რომ საკუთარი თავის თუ შემოქმედების მიმართ ჩემი დაბალი თვითშეფასების მიუხედავად, სამყაროში არიან ადამიანები, რომლებიც ჩემს სათქმელს და შემოქმედებას ჩემზე მეტად აფასებენ და ხედავენ. ეს გამოცდილება კი ერთგვარი გაკვეთილი გამოდგა, რომელმაც საკუთარი თავის გადაფასება მასწავლა და ახლაც მასწავლის.
რაც შეეხება კარიერული თვალსაზრისით, ამ გზაჯვარედინმა მიმიყვანა ჩემი შემოქმედების ისეთ ეტაპამდე, სადაც უკვე შემიძლია, მრავალი წლის დაგროვილი გამოცდილება საზღვრებს გარეთ გავიტანო, ჩემს იდეებს ფრთები შევასხა და კიდევ უფრო ღრმად შევიდე კრეატიულობის უსაზღვრო სამყაროში.
თქვენ ახლახან პარმაში გამართულ Seletti-ს ვორქშოპში მიიღეთ მონაწილეობა, 20 არტისტთან ერთად მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან. როგორი ატმოსფერო იყო? როგორი იყო ასეთ განსხვავებულ და კრეატიულ გარემოში მუშაობა?
სიმართლე გითხრათ, ისეთი შეგრძნება მქონდა, თითქოს ვარსკვლავებით სავსე ცაში აღმოვჩნდი. თითოეული არტისტი, საკუთარი შემოქმედებითი სინათლით ანათებდა, მაგრამ როცა ერთად ვიყავით, ეს სინათლის სინერგია სრულიად სხვა მასშტაბს იღებდა და სტეფანოს მხარდაჭერით, სრულიად განსხვავებულად კაშკაშებდა.
რაც მთავარია, სამუშაო გარემო და ატმოსფერო იყო ძალიან გულწრფელი, ავთენტური, მეგობრული… სრულად თავისუფალი ყველანაირი სტატუსისგან, ან კონკურენციისგან.
ვორქშოპის ფარგლებში, ვხატავდით და ვქმნიდით შიშის, შეზღუდვების გარეშე. ამასთან, ვსაუბრობდით გულწრფელად და ერთმანეთს საკუთარ აზრებს ვუზიარებდით, რაც ქმნიდა ღრმა და საინტერესო დიალოგებს, რომელიც გაჯერებული იყო განსხვავებული კულტურული გამოცდილებებით. სწორედ ასეთი უნიკალური და მრავალფეროვანი გამოცდილებების არსებობამ ინსპირაციის ახალი წყარო შექმნა და ხელოვნების ქმნადობის ახალი სივრცე გააჩინა, რამაც ჩამოაყალიბა ის იშვიათი თანამშრომლობა, რომლის ფარგლებშიც თითოეულ ჩვენგანს შეეძლო ყოფილიყო ის, ვინც რეალურად არის და არაფერი სხვა.
ხშირად ცნობისმოყვარეობა განსაზღვრავს კრეატიულობას. რა იყო ის, რაც ყველაზე დიდ ცნობისმოყვარეობას იწვევდა შენში ვოქრშოპის მიმდინარეობისას?
ალბათ, გასაკვირი არ იქნება, თუ ვიტყვი, რომ სტეფანოსთან ურთიერთობა ყველაზე საინტერესო იყო ჩემთვის - რაც მაძლევდა მუდმივი აღმოჩენებისა და თვითრეფლექსიის შესაძლებლობას. ის არის ადამიანი, რომელიც ერთი შეხედვით მარტივი ფორმებისგან ქმნის მსოფლიოში გამორჩეულ ხელოვნების ნიმუშებს. თუმცა, განსაკუთრებული აღნიშვნის ღირსია მისი პერსონა. მისი მოკრძალებული, უშუალო და ადამიანურობით სავსე დამოკიდებულება სხვა ადამიანების მიმართ, თითოეული მონაწილის შინაგანი სამყაროსადმი გამოვლენილი ინტერესი და ცნობისმოყვარეობა აღფრთოვანებას იწვევდა ჩემში. მისი მხრიდან ღიაობა და ვორქშოპების ფარგლებში, მონაწილეების მიერ გამოთქმული იდეების მიმართ მიმღებლობა ქმნიდა ცნობისმოყვარეობისთვის უსაზღვრო სივრცეს.
ამასთან, ჩემთვის განსაკუთრებით საინტერესო აღმოჩნდა, 20-ზე მეტი მონაწილის ცნობიერი თუ არაცნობიერი სამყაროს დანახვა და მათი არა მხოლოდ პიროვნულ, არამედ შეგრძნების დონეზე გაცნობა - რის შესაძლებლობასაც უშუალოდ ვოქრშოპების ფარგლებში შექმნილი გარემო იძლეოდა.
რა იყო თქვენთვის ყველაზე დასამახსოვრებელი პარმაში გამართული ვორქშოპიდან - იყო რაიმე კონკრეტული საუბრები ან გამოწვევები, რომლებიც განსაკუთრებით დაგამახსოვრდათ?
სიმართლე გითხრათ, გამოწვევების მხრივ, როგორც თევზი წყალში, ისე თავისუფლად ვგრძნობდი თავს, რაც ალბათ გუნდის, მათი განწყობის და მთავარი მასპინძელის გულთბილი დახვედრის დამსახურება იყო, ასევე იმ აურის და კავშირის, რომელიც ხელოვანებს შორის ტრიალებდა..
რაც შეეხება დასამახსოვრებელ მომენტებს, ორ განსაკუთრებულ მომენტს გამოვარჩევდი ეს იყო უშუალოდ სტეფანოს მიერ, ვორქშოპის პირველ საღამოს ინიცირებული ერთობლივი ვახშამი, მისი სოფლის მახლობლად, მისი მეგობრის ტავერნაში, რომელიც გამოირჩეოდა ყველაზე ავთენტური, უშუალო, ნამდვილი იტალიური სულით, კერძებით და მისი საოცარი მასპინძლით…სადაც თავად სტეფანომ მისი მეუღლე და შვილი პირადად გამაცნო. თამამად შემიძლია ვთქვა, რომ მე და Seletti-ის ოჯახი დავმეგობრდით, რადგან კომუნიკაციას ვაგრძელებთ სოციალური არხის მეშვეობით. პიროვნულ დონეზე, სტეფანო და მისი მეუღლე ჩემთვის ნამდვილი აღმოჩენა იყო.
რაც შეეხება მეორე დასამახსოვრებელ მომენტს - ეს იყო წამოსვლის წინა საღამოს ულამაზეს, პატარა იტალიურ ეკლესიაში და მის ეზოში გამართული ვახშამი. ზოგადად, ვორქშოპები იყო ადგილი სადაც შემოქმედებითად ვუკავშირდებოდით და ვუახლოვდებოდით ერთმანეთს, ხოლო ეს არაფორმალური ვახშმები ამ კავშირს კიდევ უფრო მეტად აღრმავებდა ადამიანური თვალსაზრისით, რაც ვფიქრობ, შემოქმედი ადამიანებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია.
როგორ ფიქრობ, რა გავლენას იქონიებს აღნიშნული გამოცდილება შენს მომავალ პროექტებსა თუ კოლაბორაციებზე? არის რაიმე ახალი ინიციატივა, რომელზეც აპირებთ მუშაობის დაწყებას?
ამ ეტაპზე, ჩემი მთავარი ფოკუსი ოქტომბრის ღონისძიებაზე არის მიმართული, რომელიც ამ კოლაბორაციის მთავარი და ყველაზე მნიშვნელოვანი შედეგი იქნება. აღნიშნულ ღონისძიებაზე, რომელიც უზარმაზარ პავილიონში გაიმართება და 4000-მდე ვიზიტორს უმასპინძლებს, სელეტისთან თანამშრომლობის შედეგად შექმნილი, 20-ზე მეტი არტისტის ინდივიდუალური და ერთობლივი ნამუშევრები მოიყრის თავს. გარდა ამისა, სექტემბერში საქართველოში Seletti-ის მარკეტინგის მენეჯერს ჩემს სახელოსნო სივრცეში ვუმასპინძლებ, რაც ვფიქრობ ჩვენი კომუნიკაციის გაღრმავების კიდევ ერთი კარგი შესაძლებლობა იქნება.
ამ გამოცდილებამ და უშუალოდ Seletti-მ შემახსენა, რომ შემოქმედებით გზას წესები არ გააჩნია. შენ თვითონ ხდები ეს გზა, როცა მას რწმენით და ინტუიციით მიყვები… საბოლოოდ კი, მისი დახმარებით შექმნილი ნამუშევრები სხვებში ზუსტად ისეთივე ინტერესს და ცნობისმოყვარეობას აღვიძებს, რომლითაც არტისტი შემოქმედებით პროცესს უდგება.