What About Georgia - ანა აფრიაშვილი საქართველოს ციფრული გზამკვლევის შესახებ

You're reading BIZ Experiences Georgia, an international franchise of BIZ Experiences Media.

ციფრულმა მედიამ მკვეთრად შეცვალა კომუნიკაციის, ინფორმაციის მიღებისა და რეკომენდაციების გაზიარების გზები - განსაკუთრებით ტურიზმისა და გართობის სექტორში. ამ სტატიაში მოგიყვებით პლატფორმაზე, რომელმაც ერთ სივრცეში გააერთიანა ყველა ის გამოცდილება, რაც საქართველოში მოგზაურობას საინტერესოს ხდის. What About Georgia ციფრული სივრცეა, რომელიც ჩვენს ქვეყანას სხვადასხვა რაკურსით წარმოგვიდგენს. პლატფორმა ერთგვარი გზამკვლევია, რომელიც გვიზიარებს საქართველოში არსებულ ღირსშესანიშნაობებს, დაწესებულებებს, დაგეგმილ ღონისძიებებს - ყველა იმ გამოცდილებას, რომელიც დასვენებასა და გართობას უკავშირდება.

What About Georgia-ს შესახებ BIZ Experiences-ი პლატფორმის მენეჯერს , ანა აფრიაშვილს ესაუბრა.

პროექტის იდეა დაახლოებით ორი წლის წინ გაჩნდა. მიზანი იყო ერთ სივრცეში, ერთი ინტერაქციული პლატფორმის სახით გაერთიანებულიყო ყველა ის ინფორმაცია, რაც საქართველოს ჭრილში იქნებოდა საინტერესო.

"პროექტის ფარგლებში ჩვენი მიზანი იყო, აქ მცხოვრები ადამიანებისა და ტურისტებისთვის შეგვექმნა მედიაპლატფორმა, სადაც ერთ სივრცეში შეძლებდნენ ყველა საჭირო ინფორმაციის მიღებას სხვადასხვა ლოკაციის, ღონისძიებებისა თუ აქტივობების შესახებ, რაც საქართველოში იგეგმება. ადამიანებმა Instagram-ის პლატფორმიდან გაგვიცნეს, სადაც უკვე ათი ათასობით აქტიური გამომწერი გვყავს. ამას მოჰყვა პირადი გამოცდილებები და საინტერესო თანამშრომლობები როგორც მცირე, ისე დიდ ბიზნესებთან, არტისტებსა და ჰორეკა სექტორში მომუშავე პროფესიონალებთან", - გვიყვება ანა აფრიაშვილი.

პლატფორმის გარშემო გაჩენილმა ინტერესმა და გამოხმაურებამ განაპირობა ის, რომ დღეს What About Georgia ციფრული მარკეტინგული სააგენტოს სტატუსით ფუნქციონირებს. გარდა ამისა, პროექტის ფარგლებში შეიქმნა ვებგვერდი - whatabout.live, რომელიც წარმოადგენს ქალაქების პირველ ქართულ ციფრულ გიდს. პლატფორმა ხელმისაწვდომია არა მხოლოდ საქართველოში, არამედ აერთიანებს ისეთ დიდ ქალაქებსაც, როგორიცაა ბერლინი, პარიზი, დოჰა და სხვა.

ახალი ბიზნესის დაწყება ყოველთვის გულისხმობს გარკვეულ რისკებს, შესაბამისად, ყოველი იდეის რეალობად ქცევა გამბედაობას და პასუხისმგებლობას მოითხოვს. ანა აფრიაშვილისთვის What About Georgia თავიდანვე ამბიციური პროექტი იყო, რომელიც ადამიანების რჩეულ პლატფორმად უნდა ქცეულიყო.

"გამბედაობა და სრული ფოკუსირება განსაკუთრებით მაშინ არის საჭირო, როცა პირველობის ამბიცია გაქვს. ვფიქრობ, მთავარია ვიყოთ კონცენტრირებული მხოლოდ იმ მიზანზე, რისი მიღწევაც გვსურს და არ შეგვაშინოს იმ გარემოებებმა, რაც ჩვენ გარშემოა. ეს პროცესი თავისთავად მოითხოვს სიმამაცესაც და შრომასაც, რაც ყველა ეტაპზე წარმატების მისაღწევად ჩვენი თანამდევი უნდა იყოს".

ჩვენი გუნდისთვის ადამიანების ნდობის მოპოვება ერთ-ერთი ყველაზე დიდი გამოწვევა იყო. პლატფორმა ბაზრისთვის ახალი ბრენდი იყო, შესაბამისად, სწორი პოზიციონირება მარტივი გამოწვევა არ ყოფილა. როგორც ანა აფრიაშვილი ამბობს, ეს ის საკითხია, რომელზეც მთელმა გუნდმა დიდი მონდომებით იმუშავა.

პლატფორმის შექმნამ და მართვამ ანა აფრიაშვილს, როგორც ახალგაზრდა ანტრეპრენერს, ბევრ საკითხში მნიშვნელოვანი გამოცდილება შესძინა.

"ყოველთვის, როცა ფიქრობ, რომ რაღაც არ გამოგივა, საკუთარ თავში უნდა იპოვო რწმენა, რომ თუ მოინდომებ, მიზნიდან წარმატებამდე აუცილებლად მიხვალ. ამ გზაზე ყოველთვის შეიძლება შეგხვდეს დაბრკოლებები, თუმცა როცა წარმატებას აღწევ, ხვდები, რომ ეს შრომა ნამდვილად ღირდა. ალბათ ზუსტად ეს არის ანტრეპრენერობის ნამდვილი ხიბლიც, რის გამოც განვითარებისკენ მივისწრაფვით. ჩემი მიზანი ყოველთვის იყო, მეკეთებინა საქმე, რომელიც მიყვარს. მინდოდა, დილით გაღვიძებისას არ მქონოდა გრძნობა იმისა, რომ უნდა წავსულიყავი სამსახურში, სადაც დროს დავხარჯავდი იმ საქმის კეთებაში, რაც სიამოვნებას არ მომიტანდა. ამან კიდევ უფრო გამიძლიერა სურვილი, საკუთარი საქმე დამეწყო", - ამბობს ანა.

ჩვენს კითხვაზე - რას ნიშნავს მისთვის ანტრეპრენერის სტატუსი - What About Georgia-ს მენეჯერი გვპასუხობს, რომ ეს არის თავგადასავლების მაძიებელი ადამიანი, შესაძლოა ცოტათი მეოცნებეც, რომელსაც განსაკუთრებული ხასიათი აქვს.

"ზოგიერთი ადამიანისთვის ტერმინი "ანტრეპრენერი" ბიზნესის ფლობასთან ასოცირდება, ზოგისთვის კი, უბრალოდ ტრენდული სტატუსია. ჩემთვის ანტრეპრენერობა შრომისმოყვარეობასთან, მიზანდასახულობასა და ინოვაციასთან ასოცირდება - ადამიანთან, რომელიც მუდამ რაღაც ახლის ძიებაშია და მიუხედავად სირთულეებისა, არასოდეს ნებდება", - განმარტავს ანა.

თუ მსოფლიო მასშტაბით წარმატებული ანტრეპრენერების ისტორიებს გადავხედავთ, დავინახავთ, რომ ყველა შემთხვევაში ინსპირაცია და მოტივაცია წარმატების მიღწევის გზაზე მნიშვნელოვან როლს თამაშობდა. შთაგონება ანასთვისაც ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მამოძრავებელი ძალაა. როგორც თავად ამბობს, ინსპირაციას, პირველ რიგში, აძლევს ამ საქმისადმი სიყვარული და მიზნის მიღწევის სურვილი. "ასევე, უდიდესი მოტივაციაა ჩემი გუნდი, რომელთა გარეშე წარმატების მიღწევა შეუძლებელი იქნებოდა", - აღნიშნავს ანა აფრიაშვილი.

ანა აფრიაშვილს პროექტის განვითარებასთან დაკავშირებით დიდი გეგმები აქვს. ამჟამად What About Georgia-ს გუნდი ახალ პროექტზე მუშაობს:

"What About Pass ახალი წამოწყებაა, რომლის ფარგლებშიც ჩვენი ვებსაიტისა და აპლიკაციის მომხმარებლებისთვის სპეციალური შეთავაზებები იმოქმედებს. ვფიქრობ, რომ ეს კამპანია ბაზარზე იქნება ის სიახლე, რომელიც ყველა გემოვნების ადამიანს დააინტერესებს და შესაძლებლობას მისცემს, ისარგებლოს მაღალი სტანდარტების სივრცეებით საქართველოში. ჩვენი მიზანია, ბიზნესებთან თანამშრომლობის ფარგლებში მათ შევძინოთ ახალი მომხმარებლები, ხოლო ადამიანებს მივცეთ საშუალება, მიიღონ საუკეთესო გამოცდილება", - ანა აფრიაშვილი.