შრომა თუ იღბალი? გამართლებას მზადყოფნა და მომზადებული დახვედრა სჭირდება, რისთვისაც დიდი შრომა და ძალისხმევაა საჭირო

Opinions expressed by BIZ Experiences contributors are their own.

You're reading BIZ Experiences Georgia, an international franchise of BIZ Experiences Media.

რა უფრო დიდ როლს თამაშობს წარმატების მიღწევაში – შრომა თუ იღბალი? ეს თემა დღემდე ინარჩუნებს აქტუალობას, რაზეც ერთიანი მოსაზრება არ არსებობს, რადგან სწორი პასუხია – შრომაც და იღბალიც.

შრომისმოყვარეობა და დისციპლინა წარმატების მისაღწევად აუცილებელი თვისებებია. მათ გარეშე დიდ გამარჯვებებს ვერ მიაღწევ და უმაღლეს მწვერვალებს ვერ დაიპყრობ – ვერც ბიზნესში, ვერც სპორტში, ვერც ხელოვნებაში...

მაგრამ არსებობს ბედიც, რაც, თუ კარგად დავაკვირდებით, სწორედ იმ ადამიანებს უფრო სწყალობს, ვინც საკუთარ საქმეს თავს ბოლომდე მიუძღვნის, მიზნისკენ მიმავალ გზაზე ყველა დაბრკოლებას გადალახავს, მარცხი არ შეაშინებს, არ დანებდება მანამ, სანამ გამარჯვებას არ იზეიმებს.

"ბედს თვითონ კაცი ქმნის და არა ბედი კაცსა", – ილია ჭავჭავაძის ეს ცნობილი გამონათქვამი ალბათ ყველაზე კარგად პასუხობს კითხვას ბედისწერის შესახებ.

უნდა გვახსოვდეს, რომ გამართლება ბედის წყალობაა, ბედს კი, როგორც ილია ამბობს, "თვითონ კაცი ქმნის". ადამიანების დიდ ნაწილს კი მთელი ცხოვრება ბედის წყალობის მოლოდინში გაჰყავს, თავად კი არაფერს აკეთებს იმისთვის, რომ "გაუმართლოს"...

გამართლებას მზადყოფნა და მომზადებული დახვედრა სჭირდება, რისთვისაც დიდი შრომა და ძალისხმევაა საჭირო.

"აღმოვაჩინე, რომ რაც უფრო ბეჯითად ვმუშაობ, მით მეტად მიმართლებს", – თომას ჯეფერსონის ეს სიტყვები კარგად დაიმახსოვრეთ და როცა რომელიმე ისტორიული ფიგურის ან ჩვენი თანამედროვის თავბრუდამხვევი წარმატებით აღფრთოვანდებით და გაიფიქრებთ – რა იღბლიანი ყოფილა, როგორ გაუმართლაო, თომას ჯეფერსონი გაიხსენეთ, რომელმაც აღმოაჩინა, რომ ბეჯითებსა და შრომისმოყვარეებს უფრო მეტად უმართლებთ.

შრომისმოყვარეობა და დისციპლინა, საყვარელი საქმისთვის თავდადება და დაბრკოლებების მიუხედავად ხანგრძლივი დროის განმავლობაში შენარჩუნებული ენთუზიაზმი წარმატების გარანტირებული ფორმულაა, რაც მხოლოდ და მხოლოდ ჩვენზეა დამოკიდებული.

ბედი და იღბალი კი სამყაროს საჩუქარია, რაც, რა თქმა უნდა, კატალიზატორის მსგავსად დიდ ბიძგს მოგვცემს წარმატებისკენ მიმავალ გზაზე, ახალ შესაძლებლობებს გამოგვიჩენს, მაგრამ შევთანხმდეთ, რომ მისი მოპოვება ჩვენს ძალებს აღემატება.

ადამიანი, ვისაც სჯერა გამართლებისა და ბედ-იღბლის, მის მოლოდინში ნაკლებს აკეთებს, ნაკლებს წვალობს, ნაკლებს შრომობს, ნაკლებს ქმნის, როცა ადამიანი, ვისაც სჯერა საკუთარი თავის და ილიასეული ფორმულის, რომ "ბედს თვითონ კაცი ქმნის და არა ბედი კაცსა", – მეტს აკეთებს, მეტს იხარჯება, მეტს შრომობს, მეტს ქმნის და, შესაბამისად, მეტად მომზადებული ხვდება იმ მომენტს, როცა მასაც გაუღიმებს ბედი და იღბალი.

"როგორ გაუმართლა" – რამდენჯერ გვიფიქრია ეს იმ მომენტში, როცა დიდ სპორტსმენს საოცარი გოლი გაუტანია ან ახალი რეკორდი დაუმყარებია, ცნობილ მსახიობს მორიგი განუმეორებელი როლი შეუსრულებია და "ოსკარი" დაუმსახურებია, გამოჩენილ მეცნიერს ახალი აღმოჩენა გაუკეთებია და ნობელის პრემიის ლაურეატი გამხდარა, დიდ ბიზნესმენს ახალი მწვერვალი დაუპყრია, დიდ ხელოვანს ახალი შედევრით მთელი მსოფლიო გაუოცებია...

ჩვენ მხოლოდ საბოლოო შედეგს, მრავალწლიანი შრომისა და თავდადების შედეგს ვხედავთ და "ოსკარის", მსოფლიო თასის, ოქროს მედლის, ნობელის პრემიისა თუ ოლიმპიური ჩემპიონის ტიტულის გადაცემის საზეიმო ცერემონიალითა და ლამაზი სანახაობით ვტკბებით, რაც, მაქსიმუმ, რამდენიმე წუთს გრძელდება, მის მისაღწევად კი წლების შრომა და ჯაფაა საჭირო, რასაც ცნობილი ქართველი სპორტსმენებიც საკუთარ გამოცდილებაზე დაყრდნობით ადასტურებენ:

მერაბ დვალიშვილი: "იბრძოლე შენი მიზნებისთვის! შეუძლებელი არაფერია! მე თუ გამომივიდა, შენც გამოგივა".

გიორგი ქოჩორაშვილი: "ვიცი, რომ დისციპლინა, შრომა და მონდომება არ უნდა დავაკლო. წინ კარგი ამბები მელოდება".

ილია თოფურია: "წარმატების ყველაზე დიდი მიზეზი არის შრომა! შრომის გარეშე არ არსებობს წარმატება. ეს არ უნდა დაივიწყო ადამიანმა. ყველაფერი გვერდზე უნდა გადადო, თუ გინდა, რომ იყო წარმატებული. დილით რომ მივდიოდი დარბაზში, ღამით გამოვდიოდი".

ლაშა ტალახაძე: "უპირველესად, ძალიან უნდა გიყვარდეს საქმე, რომელსაც ხელს მოჰკიდებ. შემდეგ მოდის შრომა და თავდადება".

დაბოლოს, შრომისა და იღბლიანობის თემაზე საუბარი მიხეილ ჯავახიშვილის მიერ საკუთარი ქალიშვილისადმი დაბარებული 10 უნიკალური რჩევიდან საფინალო, მეათე რჩევით მინდა დავასრულო:

"ბოლოს და ბოლოს, ყოველთვის სჯობს სამი რამ: პირველი – შრომა, მეორე – შრომა და მესამე – შრომა. ზემონათქვამი დაიხსომე და შეითვისე. შენი მოსიყვარულე მამა, მიხეილ ჯავახიშვილი".

და რას ფიქრობ შენ? შრომა თუ იღბალი?

გიორგი შარაშიძე
მთავარი რედაქტორი
editor@entrepreneur.ge

გიორგი შარაშიძე

მთავარი რედაქტორი

  • ანტრეპრენერი და ტოპმენეჯერი, რომლის განსაკუთრებული ინტერესის სფეროებს წარმოადგენს მეწარმეობა, ლიდერობა და პერსონალური განვითარება, სტრატეგიული მენეჯმენტი, საერთაშორისო ბიზნესის მართვა, მარკეტინგი და გაყიდვები.
  • გიორგი არის მანჩესტერის ბიზნესსკოლის (Manchester Business School) და საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის (GIPA) მაგისტრი. დამთავრებული აქვს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიის ფაკულტეტის ასპირანტურა.
  • მან 2000 წლის მარტში, 23 წლის ასაკში, დააფუძნა საქართველოს წამყვანი ინგლისურენოვანი გაზეთი Georgia Today, რომელსაც მოჰყვა მის მიერ ისეთი გავლენიანი მედიასაშუალებების დაარსება და განვითარება, როგორიცაა Where.ge, The Economist-ის წლიური გამოცემა The World In, ჟურნალი OK! რადიო NRJ. 2018 წლის აპრილიდან მისი რედაქტორობით გამოდის ჟურნალი BIZ Experiences Georgia − ცნობილი ამერიკული ბრენდის ლიცენზირებული ქართულენოვანი გამოცემა ბეჭდვით და ონლაინპლატფორმებზე.
  • გიორგი არის საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის (GIPA) მოწვეული ლექტორი მედიამენეჯმენტსა და მედიამეწარმეობაში, საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტისა და „დოიჩე ველე“ აკადემიის მიერ დაფუძნებული კავკასიის მედიასკოლის სტრატეგიული მენეჯმენტის მოდულის თანაავტორი და მენტორი. მეწარმეობის სამაგისტრო კურსს კითხულობდა ილიას უნივერსიტეტის ბიზნესსკოლაში.
  • გიორგი შარაშიძის საავტორო პოდკასტებს შეგიძლიათ მოუსმინოთ აქ: https://soundcloud.com/entrepreneur_ge