"სემელეს" ისტორია - როგორ იქცა ბებიის რეცეპტი ანტრეპრენერულ ხედვად
Opinions expressed by BIZ Experiences contributors are their own.
You're reading BIZ Experiences Georgia, an international franchise of BIZ Experiences Media.
საქართველოში ლიქიორის წარმოება დღემდე იშვიათი და ნაკლებად ცნობილი მიმართულებაა. თუმცა ორმა დამ – ელი და სალომე უზუნაშვილებმა – გადაწყვიტეს, ამ მიმართულებისთვის ახალი სიცოცხლე ეჩუქებინათ.
მათ მიერ შექმნილი ნატურალური ლიქიორი "სემელე" სწორედ ამ ჩანაფიქრის რეალიზაციაა – პროდუქტი, რომელიც აერთიანებს ოჯახურ ისტორიას, ინოვაციასა და ქართული მეღვინეობის გამოცდილებას.
"სემელე" მხოლოდ ახალი პროდუქტი არ არის – ეს არის მცდელობა, რომ საქართველოში დამკვიდრდეს ადგილობრივი წარმოების ლიქიორის კულტურა. სალომეს თქმით, ქვეყანაში ამ ტიპის სასმლის წარმოება ჯერ კიდევ საწყის ეტაპზეა, ხოლო მათმა ბრენდმა შესაძლებლობა წარმოშვა, მომხმარებლებისთვის მრავალფეროვანი არჩევანი და ახალი კატეგორია შეეთავაზებინა.
როგორ დააფუძნეს ელიმ და სალომემ "სემელე", რა წინაღობები შეხვდათ გზაზე და როგორია სამომავლო გეგმები - ამ ყველაფრის შესახებ მათ BIZ Experiences-თან ისაუბრეს:
რა კონკრეტული პრობლემის გადაჭრას ემსახურება თქვენი ბიზნესი? როგორ გაჩნდა იდეა?
ჩვენი ოჯახი მრავალი წელია მეღვინეობის ტრადიციას მიჰყვება. ყოველთვის გვინდოდა, რომ ამ გამოცდილებაზე დაყრდნობით ახალი და განსხვავებული პროდუქტი შეგვექმნა, შთაგონება კი წლების წინ ბებიის მიერ დამზადებული ვარდის სურნელოვანი ლიქიორი გახდა.
ჩვენ შევქმენით ნატურალური ინგრედიენტებით დამზადებული უნიკალური გემოს მქონე ლიქიორი, რომელიც როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო მომხმარებელს დაანახვებს, რომ საქართველოშიც შეგვიძლია ვაწარმოოთ მაღალი ხარისხის ლიქიორული სასმელი და ეს მიმართულებაც განვავითაროთ.
რა ახალი გამოცდილების შემოტანა გსურდათ ბაზარზე?
მიზანი იყო, ქართულ ბაზარზე შემოგვეტანა ახალი გამოცდილება – ადგილობრივი წარმოების ლიქიორი. საქართველოში ამ ტიპის სასმლის წარმოების ტრადიცია არ არის ფართოდ გავრცელებული, ამიტომ "სემელე" არა მხოლოდ ავსებს არსებულ ნიშას, არამედ ხელს უწყობს არჩევანის მრავალფეროვნებას და ახალი კატეგორიის დამკვიდრებას.
ფიქრობთ თუ არა, რომ თქვენ მიერ ბიზნესის დაწყება კონკრეტულ დროსა და ვითარებაში მოითხოვდა გაბედულებას, სიმამაცეს, რაც იმ დროს მხოლოდ თქვენ/ბიზნესის დამფუძნებლებს აღმოგაჩნდათ?
ჩვენთვის ეს არ ყოფილა მხოლოდ ბიზნესი – ეს არის ჩვენი ოჯახის ისტორიის გაგრძელება. რა თქმა უნდა, გადაწყვეტილების მიღება მოითხოვდა გაბედულებას, მაგრამ ეს უფრო შესაძლებლობა იყო, გამოგვეცადა საკუთარი სამეწარმეო უნარები.
ყველა ახალი წამოწყება გარკვეულ რისკებთან არის დაკავშირებული, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ადგილობრივი ლიქიორის წარმოება საქართველოში, შეიძლება ითქვას, რომ საწყის ეტაპზეა.
რა იყო ყველაზე დიდი გამოწვევა, წინააღმდეგობა, რომელიც თავიდან გადაუჭრელი გეჩვენებოდათ, მაგრამ მაინც შეძელით გამკლავება?
ყველაზე დიდი გამოწვევა იყო, თუ როგორ მიიღებდა სამიზნე აუდიტორია ახალ პროდუქტს. ლიქიორული სასმელი ქართულ სამომხმარებლო კულტურაში ნაკლებად პოპულარულია. თუმცა "სემელეს" გაცნობამ მომხმარებლების მხრიდან დიდი მოწონება დაიმსახურა, რამაც ჩვენს საქმიანობას მეტი მოტივაცია შესძინა.
მოგიწიათ თუ არა გენდერულ სტერეოტიპებთან გამკლავებამ თქვენს პროფესიულ საქმიანობაში?
პროფესიულ გარემოში ჯერ კიდევ არსებობს გარკვეული გენდერული სტერეოტიპები, თუმცა ჩვენი მთავარი ფოკუსი ყოველთვის პროდუქტის ხარისხი, განვითარება და მომხმარებლის ნდობის მოპოვებაა. როდესაც საქმისადმი სიყვარული და შრომა მთავარი ფაქტორებია, სტერეოტიპული დამოკიდებულებები მნიშვნელობას კარგავს.
რა გასწავლათ დამოუკიდებელმა ბიზნესსაქმიანობამ და, თქვენი გამოცდილებიდან გამომდინარე, რა რჩევას მისცემდით დამწყებ ანტრეპრენერებს/ტოპმენეჯერებს?
დამოუკიდებლად ბიზნესის მართვამ გვასწავლა, რომ წარმატებისთვის აუცილებელია მოთმინება, მოქნილობა და მუდმივ განვითარებაზე ორიენტირება. გამოწვევები გარდაუვალია, მაგრამ თითოეული სირთულე ახალი შესაძლებლობაა წინსვლისთვის.
დამწყებ ანტრეპრენერებს ვურჩევდით, რომ ფოკუსირდნენ ხარისხზე, კარგად იცნობდნენ საკუთარ ბაზარს და არ შეუშინდნენ სიახლეებს. ასევე, მნიშვნელოვანია გრძელვადიანი ხედვის ქონა და იმის გაცნობიერება, რომ წარმატება ერთ დღეში არ მოდის – ის შრომისა და საქმისადმი ერთგულების შედეგია.
თქვენი აზრით, ვინ არის ანტრეპრენერი?
ანტრეპრენერი ადამიანია, რომელიც ხედავს შესაძლებლობებს, არის ინოვატორი, არ ეშინია რისკების და იდეებს რეალობად აქცევს. ანტრეპრენერობა დიდ პასუხისმგებლობასთან ერთად ერთგვარი თავისუფლებაცაა, რომელიც საკუთარ თავში ახალი უნარების აღმოჩენის საშუალებას გაძლევს.
რა გაძლევთ ინსპირაციას საქმიანობაში?
ჩვენთვის ინსპირაცია მომხმარებლის დადებითი ემოციებია, რომელიც მოტივაციას გვაძლევს, რომ არ გავჩერდეთ და დაწყებული საქმე კიდევ უფრო განვავითაროთ.