LVMH-ის ისტორიული კრიზისი – რამ განაპირობა მოდის უმსხვილესი კონგლომერატის მკვეთრი ფინანსური ვარდნა
You're reading BIZ Experiences Georgia, an international franchise of BIZ Experiences Media.
ზაფხულის სეზონზე მოდის უმსხვილესმა კონგლომერატმა, LVMH-მა, ჯგუფის ყოველწლიური გენერალური კრება გამართა. შეხვედრა ერთი მთავარი დასკვნით დასრულდა: LVMH ამგვარ დიდ კრიზისში არასოდეს ყოფილა.
შედეგები თავად ჯგუფის აღმასრულებელმა ხელმძღვანელმა, ბერნარ არნომ წარადგინა: 2024 წლის აპრილიდან აქციების ღირებულება თითქმის განახევრდა, რაც ნიშნავს, რომ LVMH-ის საბაზრო კაპიტალი არანაკლებ 221 მილიარდი ევროთი შემცირდა. ამ შედეგით ის ჩამოშორდა ევროპის ხუთი უმსხვილესი კომპანიის სიას და ასევე, დაკარგა ყველაზე წარმატებული ფრანგული კომპანიის სტატუსიც. არნოს პირადი ქონებაც 145,6 მილიარდ დოლარამდე შემცირდა. ცხადია, ეს კვლავაც დიდი ციფრებია, მაგრამ ქონების მასშტაბური შემცირებაა იმ ანტრეპრენერისთვის, რომელიც სულ რამდენიმე თვის წინ მსოფლიოში უმდიდრესი ადამიანების სიაში პირველ ადგილს იკავებდა.
კომპანიები და ბიზნესექსპერტები ასეთ დროს სვამენ კითხვას – რა არის ამ კოლაფსის მიზეზი? უპირველესად, ეს ე.წ. ლუქს სეგმენტის გლობალური კრიზისია. ასევე, გავლენა მოახდინა დონალდ ტრამპის მიერ აშშ-ში დაწესებულმა ტარიფებმა, რამაც ჩინელი მომხმარებლების უკან დახევა გამოიწვია. თუმცა პრობლემა მხოლოდ ეს არ არის. მთავარი მიზეზი ასეთ დროს თავად კომპანიის – ამ შემთხვევაში LVMH-ის შიგნით უნდა ვეძებოთ. როგორც მოდის ბიზნესგამოცემები აღნიშნავენ, არნოს ზოგჯერ ახასიათებს არაგონივრული და არაეფექტური შენაძენები სხვადასხვა სფეროში – მოდაში, სილამაზის ინდუსტრიაში, რესტორნებსა და სასტუმროების სექტორში. არაეფექტურმა და სარისკო, ზოგჯერ ბუნდოვანი ლოგიკით ნაკარნახებმა შენაძენებმა ინვესტორები დააეჭვა, რაც ბუნებრივად აისახა აქციების დაცემაზე. საუბარია ასევე მენეჯმენტის არაეფექტიან სტრუქტურაზე, რომელსაც არაერთი ექსპერტი და ბიზნესმიმომხილველი უსვამს ხაზს. როგორც საინვესტიციო მენეჯმენტზე ფოკუსირებული კომპანიის, Edmond de Rothschild Asset Management-ის ფონდის მენეჯერი, არიან ჰაიატე ამბობს, სანამ LVMH მზარდი იყო, ინვესტორებს მისი სტრუქტურა დიდად არ აწუხებდათ, მაგრამ როცა პრობლემები დაიწყო, მათი განწყობები და რეაგირების ფორმებიც შეიცვალა. მისი აზრით, LVMH ჯგუფმა თავის პორტფელს უნდა გადახედოს და შესაძლოა, სულაც გონივრული იყოს კონგლომერატში არსებული 75 ბრენდიდან ზოგიერთის გაყიდვაც. აღსანიშნავია, რომ არიან ჰაიატე თავადაც ფლობს LVMH-ის წილს.
მაგრამ LVMH-ის გამოწვევები მხოლოდ მენეჯმენტის სტრუქტურასა და სექტორულ კრიზისზე არ ვრცელდება. ბოლო პერიოდში ორი კონკრეტული ფაქტორი განსაკუთრებით პრობლემური აღმოჩნდა:
საქმე ეხება ალკოჰოლიანი სასმელების ინდუსტრიის კრიზისს. LVMH ჯგუფი ფლობს ალკოჰოლიანი სასმლის რამდენიმე ცნობილ ბრენდს, ძირითადად ცქრიალა ღვინისა და მაღალი კლასის სპირტიანი სასმელების სეგმენტში. მათ შორის არის მსოფლიოში ცნობილი Moët & Chandon. ახალ თაობაში არაალკოჰოლიანი პროდუქტებისადმი მზარდი ინტერესის პირობებში და ძვირადღირებული ალკოჰოლური სასმელების მოთხოვნის მკვეთრი კლების შედეგად, LVMH-ის ეს მიმართულებაც სერიოზულად დაზარალდა.
მეორე პრობლემა მოდის სახლ Dior-ს უკავშირდება – ბრენდს, რომელიც დიდი ხნის განმავლობაში ჯგუფის ერთ-ერთ ყველაზე ძლიერ და გავლენიან აქტივად მიიჩნეოდა. დროსთან ერთად Dior სტაგნაციაში აღმოჩნდა. ბრენდის პრობლემების მიზეზი მრავალფეროვანია: მკვეთრად გაზრდილი ფასები, რამაც მომხმარებელი დააფრთხო; სკანდალი არალეგალურად დასაქმებული მუშახელის გამო. ეს ყველაფერი LVMH-ზე მძაფრად აისახა. აღსანიშნავია, რომ LVMH-მა Dior-თან დაკავშირებით მკვეთრი ცვლილებების გზა აირჩია – კონგლომერატმა ბრენდის კრეატიულ დირექტორად მომენტის ყველაზე პოპულარული და პერსპექტიული დიზაინერი, ჯონათან ანდერსონი დანიშნა, რაც ოპტიმისტურ ნაბიჯად აღიქმება. თუმცა ჯერ კიდევ გაურკვეველია, შეძლებს თუ არა ის Dior იმიჯის სრულად აღდგენას და მიაღწევს თუ არა მისი კოლექციები ისეთ კომერციულ წარმატებას, რომ კრიზისი დაძლეულად ჩაითვალოს.
ფოტო: JA
შედეგად ჩანს, რომ LVMH-ს შესაძლოა კიდევ დიდხანს მოუწიოს პრობლემებთან გამკლავებამ. "ბოლო 20 წლის განმავლობაში, რაც LVMH-ზე ვმუშაობთ, ამდენი წითელი დროშა არასდროს გვინახავს, – აცხადებენ ფინანსური ანალიტიკური კომპანია AIR Capital-ის წარმომადგენლები, – გლობალური ფინანსური კრიზისი და პანდემია უდიდესი გამოწვევები იყო, მაგრამ LVMH-ის დღევანდელი მასშტაბებიდან გამომდინარე, ამჟამინდელი ღირებულების დაკარგვა უპრეცედენტოა. ეს, უდავოდ, LVMH-ის ისტორიაში ყველაზე დიდი კრიზისია", – ნათქვამია კომპანიის კომენტარში.
თუმცა კრიზისი, როგორც ჩანს, არ აშინებს ბერნარ არნოს, რომელიც 76 წლის ასაკშიც არ ნებდება და არ გამოთქვამს სურვილს, რომ LVMH-ის იმპერია სხვას გადააბაროს.