ილონ მასკი ახალი პოლიტიკური პარტიის შექმნას აანონსებს

You're reading BIZ Experiences Georgia, an international franchise of BIZ Experiences Media.

ილონ მასკმა განაცხადა, რომ ახალი, მესამე პოლიტიკური პარტიის ჩამოყალიბებას იწყებს. ეს განცხადება დონალდ ტრამპთან მისი ურთიერთობის გაწყვეტას და ხმურიან დაპირისპირებას მოჰყვა.

"როცა საქმე ჩვენი ქვეყნის გაკოტრებას ეხება – კორუფციითა და ფულის ფლანგვით – ჩვენ ერთპარტიულ სისტემაში ვცხოვრობთ და არა დემოკრატიაში", – დაწერა მასკმა, რომელიც უახლოეს წარსულში ტრამპის ერთ-ერთი პირველი მხარდამჭერი იყო. "დღეს "ამერიკის პარტია" შეიქმნა იმისთვის, რომ თავისუფლება დაგიბრუნოთ", – ვკითხულობთ მილიარდერი ანტრეპრენერის განცხადებაში, რომელიც პლატფორმა X-ზე გამოაქვეყნა.

ილონ მასკი ტრამპის 2024 წლის საარჩევნო კამპანიის ყველაზე მსხვილი ინდივიდუალური დონორი იყო და პრეზიდენტის მრჩევლადაც პოზიციონირდებოდა. ის განსაკუთრებით აქტიური იყო სახელმწიფო ხარჯების შემცირების მიმართულებით. მასკმა საჯაროდ გააკრიტიკა ბიუჯეტთან დაკავშირებული კანონპროექტი, რომელიც ტრამპმა წარადგინა. ილონ მასკი მიიჩნევს, რომ ამ კანონით საბიუჯეტო დეფიციტი ტრილიონობით დოლარით გაიზრდებოდა.

სწორედ ამ კანონპროექტზე უკმაყოფილებამ გამოიწვია ილონ მასკისა და შეერთებული შტატების პრეზიდენტის ურთიერთობის დაძაბვა. უთანხმოება თითქოს დროებით განიმუხტა მას შემდეგ, რაც მასკმა ტრამპის მიმართ გაკეთებული ყველაზე ხმაურიანი პოსტები წაშალა და გარკვეული სინანულიც გამოხატა. თუმცა დაპირისპირება ბოლო დღეებში კვლავ აქტუალური გახდა, როცა კანონპროექტი დამტკიცდა და ტრამპმა დოკუმენტს ხელიც მოაწერა.

ამ ეტაპზე გაურკვეველია, გადადგა თუ არა ილონ მასკმა კონკრეტული სამართლებრივი ნაბიჯები პარტიის ჩამოსაყალიბებლად, რაც ფედერალურ საარჩევნო კომისიაში რეგისტრაციას გულისხმობს.

მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანის თქმით, ახალ პარტიას სურს ფინანსური კონსერვატიულობა და საბიუჯეტო ხარჯების შეკვეცა, თუმცა პროგრამის სხვა დეტალები უცნობია.

ილონ მასკსა და ტრამპს არაერთი სოციალური საკითხის მიმართ მსგავსი პოზიციები აქვთ, თუმცა მასკი მიიჩნევს, რომ რესპუბლიკური პარტიის ეკონომიკური პოლიტიკა შეერთებული შტატებისთვის კიდევ უფრო მეტ ზარალს გამოიწვევს.

აშშ-ის ორპარტიულ სისტემას ხშირად აკრიტიკებენ როგორც დემოკრატები, ასევე რესპუბლიკელები, თუმცა ახალი პარტიის შექმნის არაერთი მცდელობა მარცხით დასრულდა. მაგალითად, მილიარდერმა როს პერომ 1992 წელს დამოუკიდებლად იყარა კენჭი და ხმების თითქმის მეხუთედი მოიპოვა, თუმცა ვერცერთი შტატი ვერ მოიგო – არჩევნები ბილ კლინტონის გამარჯვებით დასრულდა.

ფინანსური და პოლიტიკური ექსპერტები აცხადებენ, რომ ახალი პარტიის შექმნა ფინანსურადაც და იურიდიულადაც რთულია. ამასთან, არც ამომრჩევლები და არც პოლიტიკოსები იჩენენ მზაობას, რომ ახალ პარტიას შეუერთდნენ.

რაც შეეხება მასკის განცხადებებს, მან სოციალურ მედიაში ასევე დაწერა, რომ მისი პარტია მომდევნო წლის შუალედურ არჩევნებში აქტიური პოლიტიკური ძალა იქნება და პირველ ეტაპზე მხოლოდ რამდენიმე წარმომადგენლისა და სენატორის კანდიდატურის მხარდაჭერაზე კონცენტრირდება.

თავის მხრივ, ტრამპმაც გააკეთა მუქარის შემცველი განცხადებები იმ ადამიანის მიმართ, ვინც ერთ დროს მისი ერთ-ერთი ყველაზე თვალსაჩინო მოკავშირე იყო. პრეზიდენტმა ამ კვირის დასაწყისში თქვა, რომ შესაძლოა გადაიხედოს ილონ მასკის კომპანიებთან გაფორმებული მსხვილი სახელმწიფო კონტრაქტები. მთავრობის ეფექტიანობის დეპარტამენტს, რომელსაც ადრე მასკი ხელმძღვანელობდა, ტრამპმა უწოდა მონსტრი, რომელმაც შესაძლოა "ილონი შთანთქოს".

ლიდერობა

4 გაკვეთილი ჯეფ ბეზოსისგან

რისკი, როცა არასდროს ჩერდები და არასდროს ხარ პროგნოზირებადი