#გამომცემელიგირჩევთ: თამთა ჯაფარაშვილის საკითხავი მეტი თავისუფალი დრო, საკუთარი თავის უკეთ გაცნობის სურვილი, რეფლექსია და ახალი მიზნების დასახვა
Opinions expressed by BIZ Experiences contributors are their own.
You're reading BIZ Experiences Georgia, an international franchise of BIZ Experiences Media.
მიუხედავად იმისა, რომ წიგნების რეკომენდაციას ხშირად მთხოვენ, ზაფხულობით ეს თხოვნები ერთიორად იზრდება. მეტი თავისუფალი დრო, საკუთარი თავის უკეთ გაცნობის სურვილი, რეფლექსია და ახალი მიზნების დასახვა - რაც არ უნდა იყოს მამოძრავებელი ძალა, ბიზნეს/ self-help მიმართულებიდან საზაფხულო საკითხავად გირჩევდით:
უსასრულო თამაში - "მაშინ კი, როცა ჩვენი ცხოვრება დასრულდება, ისინი, ვინც თვითრეალიზების გზაზე შემოგვიერთდნენ, სვლას ჩვენ გარეშე აგრძელებენ და სხვებს შთააგონებენ, რომ შეუერთდნენ." - ვერაფერი გამოხატავს ჩემს საქმიან ფილოსოფიას იმაზე უკეთ, ვიდრე ეს ფრაზა. ვერაფერი მანთებს მოტივაციითა და შთაგონებით ისე, როგორც ჩემი საქმის დადებითი გავლენა და ამ გავლენის მასშტაბები. ვერაფერი შეედრება ლიდერს, რომლისთვისაც უპირველი ღირებულება ადამიანი და ორგანიზაციის არსებობის მიზეზის ერთგულებაა. როცა შინაგანი კრიზისის დაწყებას ვგრძნობ, ამ წიგნს ვუბრუნდები ხოლმე. მიზეზი მარტივია - საიმონ სინეკი მეხმარება, რომ რასაც არ უნდა ვაკეთებდე, პირველ რიგში გავიგო რატომ ვაკეთებ, და მერე ეს "რატომ" ახალი იდეის / პროექტის ცენტრად და არსებობის მიზეზად ვაქციო.
ალქიმია: არაორდინარული იდეების ძალა – "იმისათვის რომ იყო ბრწყინვალე, უნდა იყო ირაციონალური" - რორი საზერლენდმა ეს რწმენა კიდევ უფრო გამიმყარა. ხარისხისა და ფასის თანაბარ პირობებში რატომ გვიყვარდება ერთი კონკრეტული ბრენდი, მაშინ, როცა სხვა იმავე ინდუსტრიაში წარმოდგენილი ბრენდის მიმართ ინდიფერენტული დამოკიდებულება გვაქვს და მისი არსებობა მალევე გვავიწყდება? სტატისტიკის, ლოგიკისა და ნორმის მიღმა რა არაორდინალური, "მაგიური" ფაქტორები ახდენენ გავლენას ჩვენს სამომხმარებლო გადაწყვეტილებებზე? ეს წიგნი ინფორმაციულიც არის, პრაქტიკულიც, ზოგჯერ სახალისოც და ბუკვალურად, ბრენდინგისა და მომხმარებლის ქცევის მიმართ თქვენი დამოკიდებულების საფუძვლიანად შეცვლის პოტენციალიც აქვს.
გათავისუფლებული სული: მოგზაურობა საკუთარ თავს მიღმა - "ვინ მელაპარაკება?". გასული საუკუნის სულიერების უდიდესი მასწავლებლის, რამანა მაჰარშის ფილოსოფია ყველაზე ნათლად გასაგები ჩემთვის ამ წიგნის წაკითხვის შემდეგ გახდა. მაიკლ სინგერი ადამიანის სულს ელაპარაკება, ეგოს მიღმა - საკუთარ თავში ჩაღრმავებისა და შენი ჭეშმარიტი ბუნების ამოხსნისა და გაცნობის დაუოკებელ წყურვილს გიღვიძებს. წარმოიდგინეთ, რომ ეს წიგნი ერთი სულის მიერ განვლილი გზის რეფლექსიაა მეორისთვის გზის გასამარტივებლად, განსაკუთრებით თანამედროვე ინფორმაციულ ქაოსში.