თიბისი ბიზნეს დაჯილდოებაზე გამარჯვებულები ხუთ კატეგორიაში გამოვლინდნენ
You're reading BIZ Experiences Georgia, an international franchise of BIZ Experiences Media.
უკვე მრავალი წელია, თიბისი ბიზნეს დაჯილდოება ავლენს სხვადასხვა ინდუსტრიის გამორჩეულ კომპანიებსა და პროფესიონალებს, რომლებიც ჩვენს ქვეყანაში ბიზნესის, ტექნოლოგიებისა და ინოვაციების სფეროში მნიშვნელოვან სიტყვას ამბობენ. წელს დაჯილდოება განახლებული ფორმატით, 3 ივლისს "რადიო ქალაქში" გაიმართა. ღონისძიებაზე, სპეციალურად პროექტისთვის შერჩეულმა ჟიურიმ რეკორდული რაოდენობის – 443 კანდიდატიდან გამარჯვებულები ხუთ კატეგორიაში გამოავლინა. ღონსიძიებას 600-ზე მეტი სტუმარი ესწრებოდა.
2025 წლის თიბისი ბიზნეს დაჯილდოების მთავარი თემა იყო "ბიზნესი საზღვრებს გარეთ". ცერემონია მოიცავდა ბიზნესსაუბრებს, პანელურ დისკუსიებს, ასევე პროექტ "ხუთშაბათის შეხვედრების" სპეციალურ სესიას. სესიის ფარგლებში Setanta Sports-ის აღმასრულებელმა დირექტორმა, ბაჩა მალაზონიამ, JBS Academy-ს დამფუძნებელმა, ლევან ახვლედიანმა და სპორტის ჟურნალისტმა, ტატო ბაციკაძემ ისაუბრეს თემაზე – "სპორტი, როგორც ბიზნესი". სპიკერებმა განიხილეს ის ახალი პერსპექტივები და ბიზნესშესაძლებლობები, რომელიც სპორტის პოპულარიზაციას მოსდევს შედეგად.
შეხვედრის ფინალური ნაწილი კი გამარჯვებულების გამოვლენას დაეთმო.
BIZ Experiences რამდენიმე გამარჯვებულს ესაუბრა.
Vintylator ვინტაჟური ტანსაცმლისა და აქსესუარების მაღაზია, რომელიც გარემოსდაცვითი აქტივობებისა და მდგრადი მოხმარების პოპულარიზაციას ეწევა. Vintylator სპეციალური ჯილდოს მფლობელი გახდა მწვანე ინიციატივების ხელშეწყობისთვის. როგორც მაღაზიის შემქმნელი, შოკო ჩაჩუა ამბობს, ეს ჯილდო მისთვის და მთელი გუნდისთვის დიდი სტიმულია.
"Vintylator არის სოციალური მეწარმე, რომელიც უბერავს მწვანე მომავლისკენ – ამ გზის გავლა კი საკმაოდ რთულია, შესაბამისად, მას ბევრი აქტივობა ახლავს თან: იქნება ეს საზოგადოების ცნობიერების ამაღლება, მომხმარებლის ქცევის წესის შეცვლა და პასუხისმგებლიანი კონსუმერიზმის იდეის გაღვივება, მდგრადი და მწვანე პროდუქტის წარმოება ან თუნდაც სხვა სოციალური საწარმოების წახალისება და შეძლებისდაგვარად განვითარება. მცირედი რესურსით ხანდახან წარმოუდგენელიც კი ჩანს ამ ბილიკებზე სიარული. თუმცა, როგორც კი გრძნობ, რომ შენი გაკეთებული საქმე არ დაკარგულა და რაღაც გავლენა მოახდინა, ეს უდიდესი სტიმულია საქმიანობის გასაგრძელებლად. განსაკუთრებით კი მაშინ, როცა ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან დაჯილდოებაზე შეგამჩნიეს და შენი ქმედითი ნაბიჯები მოიწონეს.
Vintylator კვლავ მწვანე მომავლისკენ შეუბერავს – გავაძლიერებთ მუშაობას საზოგადოების და მომხმარებლის განათლების კუთხით, შევქმნით ახალ ვორქშოფებს. ჩვენი მწვანე მომავლის სახელოსნო კიდევ უფრო მეტ მეწარმე ქალს გააერთიანებს თავის პროექტებში და რაც ყველაზე მთავარია – ჩვენს მთავარ პარტნიორ სოციალურ საწარმოსთან, 7R-თან ერთად, ტექსტილის გადამუშავების გამოწვევებზე მუშაობას აქტიურად გავაგრძელებთ", – შოკო ჩაჩუა, Vintylator-ის შემქმნელი.
გამარჯვებულთა შორის მოხვდა ჩვენი მკითხველისთვის უკვე კარგად ცნობილი Awork, რომელიც ახალი თაობაზე ორიენტირებული დასაქმების ციფრული პლატფორმაა. Awork-მა ინოვაციური სტარტაპის კატეგორიაში მესამე ადგილი დაიკავა და ბრინჯაოს ჯილდო მიიღო.
"ჩვენთვის განსაკუთრებით დიდი მნიშვნელობა აქვს იმას, რომ თიბისი ბიზნეს დაჯილდოებაზე წლის ინოვაციური სტარტაპის ნომინაციაში გავიმარჯვეთ. ეს გამარჯვება იმის დასტურია, რომ განვითარების სწორი გზა ავირჩიეთ – გზა, რომელიც უწყვეტ პროგრესზე გადის. 2024 წელს Awork-მა არაერთი ინოვაციური გადაწყვეტა შესთავაზა როგორც სამუშაოს მაძიებლებს, ისე დამსაქმებლებს. ჩვენი გუნდისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ მომხმარებლის გამოცდილება მუდმივად დავაბალანსოთ ტექნოლოგიურ პროგრესსა და რეალურ საჭიროებებთან ერთად. ეს ჯილდო არ არის მხოლოდ განვლილი გზის შედეგი, ის ახალი ეტაპის დასაწყისია. ჩვენთვის Awork ყოველთვის იყო იმაზე მეტი, ვიდრე სტარტაპი – ეს არის ჩვენი პასუხი რეალურ საჭიროებებზე და მომავალშიც ასე ვაპირებთ გაგრძელებას: გაბედულად, ინოვაციურად და ადამიანზე ორიენტირებულად", – ამბობს Awork-ის დამფუძნებელი, გიორგი რაზმაძე.
თიბისი ბიზნეს დაჯილდოების ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო კატეგორიის – საუკეთესო ინოვაციური სტარტაპის მთავარი ჯილდო აპლიკაცია Tasteit-ს გადაეცა. Tasteit ორიგინალური კონცეფციის სოციალური ქსელია, რომელიც ადამიანებს კულინარიული გემოვნების მიხედვით აკავშირებს. როგორც აპლიკაციის შემქმნელები ამბობენ, ეს არის სივრცე, რომელიც ე.წ. Foodmate-ის პოვნაში გვეხმარება.
"Tasteit-ისთვის თიბისი ბიზნეს დაჯილდოების საუკეთესო ინოვაციური სტარტაპის კატეგორიაში გამარჯვება უმნიშვნელოვანესია. ჩვენ ყოველთვის ხაზს ვუსვამთ, რომ ვაშენებთ გლობალურ სტარტაპს და მთელი გულით გვჯერა ამ იდეის. ყველა სტარტაპერმა იცის, რამდენად დიდი შრომაა ჩადებული თითოეული ნაბიჯის უკან. ყოველი ახალი ჯილდო ნიშნავს იმას, რომ ჩვენი დაუღალავი შრომით სხვებიც დავარწმუნეთ ამ იდეის უნიკალურობასა და ინოვაციურობაში და ეს უდიდეს მოტივაციას გვაძლევს.
რაც შეეხება სამომავლო გეგმებს – რამდენიმე დღეში ამოქმედდება Tasteit-ის უდიდესი განახლება, რომელიც მოიცავს აპლიკაციის ფასიან ვერსიასა და ინტერფეისის ცვლილებას, რაც Tasteit-ს მომხმარებლისთვის ბევრად უფრო მიმზიდველს გახდის. ამას გარდა, მთელი გუნდის ყურადღება მიპყრობილია ამერიკის შეერთებულ შტატებში ოქტომბერში დაგეგმილი Startup World Cup-ის გრანდ ფინალისკენ, სადაც Tasteit წარდგება, როგორც რეგიონული გამარჯვებული. საშუალება მოგვეცემა, იდეა წარვადგინოთ Silicon Valley-ში, რაც ჩვენთვის იქნება უნიკალური შესაძლებლობა, Tasteit-ის შესახებ უფრო დიდ აუდიტორიას შევატყობინოთ. ამერიკული ბაზარი ჩვენთვის ერთ-ერთი მთავარი სამიზნეა. ამჟამად აპლიკაცია უკვე გაშვებულია ნიუ-იორკში. ვგეგმავთ, აშშ-ში კიდევ უფრო გავფართოვდეთ და მომხმარებლებისა და პარტნიორი კვების ობიექტების რაოდენობა გავზარდოთ. ამისთვის მთელი გუნდი ძალიან ბევრს ვშრომობთ და დარწმუნებული ვართ, Tasteit-ის სახელს მთელ მსოფლიოში არაერთხელ და მრავალი დიდი პლატფორმიდან გავიგონებთ", – ამბობს Tasteit-ის თანადამფუძნებელი, თეო გონგლაძე.
დაჯილდოების გამარჯვებულებისთვის სხვადასხვა სახის პრიზია დაწესებული. თითოეულ მათგანს ექნება შესაძლებლობა, საკუთარი ბიზნესსაქმიანობიდან გამომდინარე, თავად შეარჩიოს ჯილდოდან ერთ-ერთი, მათ შორის: ახალი ვებგვერდის შექმნა, ბრენდინგი, საკომუნიკაციო მხარდაჭერა და სხვა.
იხილეთ 2025 წლის თიბისი ბიზნეს დაჯილდოების გამარჯვებულების სრული სია:
საუკეთესო პროდუქტი
- კატეგორიის გამარჯვებული Theatre Factory 42 • თეატრი სახელოსნო 42გახდა, რომელიც ექსპერიმენტული მეთოდებით მაყურებლებს უნიკალურ გამოცდილებას სთავაზობს;
- მეორე ადგილი ქართულმა ტანსაცმლის ბრენდმა – Reckless • რექლეს-მა დაიკავა, რომელიც ახალ თაობას ინდივიდუალიზმის გამოხატვაში ეხმარება;
- მესამე ადგილზე კი კონცეპტუალური რესტორნებისა და ბუტიკ სასტუმროების ქსელი - Communal Hotels გავიდა.
საუკეთესო ინოვაციური სტარტაპი
- ნომინაციის გამარჯვებული სტარტაპი Tasteit გახდა, რომელიც საკვების გარშემო შექმნილი სოციალური ქსელია და ადამიანებს რეალურ ცხოვრებაში აკავშირებს;
- მეორე ადგილი დაიკავა სტარტაპმა - QACanvas. კომპანია QA ინჟინრებს უზრუნველყოფს ხელოვნური ინტელექტის ასისტენტით, რომელიც ამარტივებს ტესტის სცენარების გენერაციასა და მართვას;
- მესამე ადგილი კი სტარტაპმა - Awork • ევორქი-მ დაიკავა, რომელიც ახალ თაობაზე ორიენტირებული დასაქმების ციფრული პლატფორმაა.
გამორჩეული სოციალური პასუხისმგებლობა
- ნანა ჯანაშიას სახელობის ნომინაციაში – გამორჩეული სოციალური პასუხისმგებლობა გამარჯვებული გახდა კაფე მზიური • Cafe Mziuri, რომელიც ემსახურება ინკლუზიური და საგანმანათლებლო საზოგადოებრივი სივრცის შექმნას;
- მეორე ადგილი დაიკავა Adamiani • ადამიანი-მ, რომელიც სხვადასხვა მასალის გადამუშავებით ქმნის ყოველდღიურ ნივთებს;
- მესამე ადგილზე სოციალური კონცეფციის მაღაზია - Social Concept Store ESKI გავიდა, რომელიც აერთიანებს სოციალური საწარმოების ხელნაკეთ პროდუქციას.
გამორჩეული როლი რეგიონის განვითარებაში
- რეგიონის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის მთავარი ჯილდო გადაეცა ღვინის ტესტირების თანამედროვე ლაბორატორია აგროლაბი - AgroLab-ს;
- ამავე კატეგორიაში მეორე ადგილი დაიკავა სამთო სასტუმრო AltiHut-მა, რომელიც 3 014 მეტრ სიმაღლეზე დამსვენებლებს უნიკალურ გამოცდილებას სთავაზობს;
- მესამე ადგილზე კი Agrometa • აგრომეტა გავიდა, რომელიც ფერმერებს მაღალტექნოლოგიური აგროდრონების სერვისს სთავაზობს.
საუკეთესო ფრილანსერი
- ნომინაციის გამარჯვებული მხატვარი და დიზაინერი მანანა არაბულია, რომელიც უნიკალური წიგნების დიზაინით არის ცნობილი;
- კატეგორიაში მეორე ადგილი გიორგი მესხმა დაიკავა, რომელიც სტარტაპებს საერთაშორისო წარმატების მიღწევაში ეხმარება;
- მესამე ადგილის მფლობელია გიგა მეტრეველი, რომელიც სტარტაპებს ზრდისა და განვითარებისთვის კონსულტაციებს სთავაზობს.
გენდერული თანასწორობის ხელშეწყობისთვის სპეციალური ჯილდო გადაეცა სასტუმრო Le Méridien Batumi-ს,რომელიც სისტემურად ახორციელებს ინკლუზიურ აქტივობებს ქალთა გაძლიერების კუთხით.
მწვანე ინიციატივების ხელშეწყობისთვის სპეციალური ჯილდო კი ვინტაჟური ტანსაცმლის მაღაზია Vintylator-ს გადაეცა.
ბიზნეს დაჯილდოება 2025-ის მთავარი პარტნიორია – Visa. მხარდამჭერები: "აჭარა ჯგუფი", Tegeta Business. მედიამხარდამჭერები: Marketer.ge, BMG, On.ge და BIZ Experiences Georgia.