ალდაგის ახალი საერთაშორისო წარმატება - AM Best რეიტინგი გაუმჯობესდა
Opinions expressed by BIZ Experiences contributors are their own.
You're reading BIZ Experiences Georgia, an international franchise of BIZ Experiences Media.
საერთაშორისო სარეიტინგო კომპანია AM Best-მა ალდაგის ფინანსური სიძლიერის რეიტინგი (Financial strength rating) გააუმჯობესა და B-დან B+, ხოლო საკრედიტო რეიტინგი bb+დან bbb- მიანიჭა.
ალდაგის საკრედიტო რეიტინგი, დღევანდელი მდგომარეობით, საქართველოს საკრედიტო რეიტინგზე (BB) მაღალია.
AM Best-ის შეფასებით, ალდაგის საკრედიტო რეიტინგი მის ფინანსურ სიძლიერეზე, საოპერაციო და საწარმოო რისკების ეფექტურობასა და წარმატებულ ანდერაიტინგზე მიუთითებს.
საერთაშორისო აღიარებასა და რეიტინგის გაუმჯობესებაზე, უფრო ვრცლად ალდაგის გენერალური დირექტორი, გიორგი ბარათაშვილი ისაუბრებს:
რა მნიშვნელობა აქვს ალდაგის საკრედიტო რეიტინგის გაუმჯობესებას AM Best-ის მიერ და როგორ აისახება ეს კომპანიის კონკურენტულ პოზიციებზე როგორც ადგილობრივ, ასევე საერთაშორისო ბაზრებზე?
მოხარული ვართ, რომ ალდაგის საერთაშორისო რეიტინგი კიდევ ერთხელ გაუმჯობესდა AM Best-ის მიერ — ეს არის მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ავტორიტეტული და სანდო სარეიტინგო სააგენტო, რომელიც კონცენტრირებულია უშუალოდ სადაზღვევო კომპანიების შეფასებაზე.
ფინანსური მდგრადობის რეიტინგის B+ დონემდე და საკრედიტო რეიტინგის "bbb-" დონემდე გაუმჯობესება ალდაგისთვის მნიშვნელოვანი მონაპოვარია. ეს არა მხოლოდ ამყარებს ჩვენს ლიდერობას საქართველოს სადაზღვევო ბაზარზე, არამედ ხაზს უსვამს ჩვენს პასუხისმგებლობას ვიყოთ სანდო, გამჭვირვალე და გრძელვადიანი პარტნიორი როგორც საცალო, ისე კორპორატიული მომხმარებლისთვის.
ეს აღიარება ასახავს ჩვენს სტრატეგიულ ხედვას, ჯანსაღ კორპორაციულ მმართველობას და, რაც მთავარია, ჩვენს გუნდის პროფესიონალიზმსა და ერთგულებას. მინდა, რომ მადლობა გადავუხადო გუნდის ყველა წევრს, რომელსაც ამ წარმატებაში წვლილი შეაქვს.
რა იყო ის მთავარი ფაქტორები, რომლებმაც რეიტინგის გაუმჯობესება განაპირობა?
AM Best-ის შეფასებით, რეიტინგის გაუმჯობესება უკავშირდება ალდაგის ფინანსური არქიტექტურის მდგრადობას, რისკების მართვის სისტემურობას და წარმატებულ ანდერაიტინგს.
განსაკუთრებული მნიშვნელობა მიენიჭა ალდაგის კაპიტალის ადეკვატურობის მაღალ დონეს, რაც დადასტურებულია Best's Capital Adequacy Ratio (BCAR)-ით. კომპანიამ დანერგა რისკის მენეჯმენტის ისეთი პროცესები — იდენტიფიკაციიდან მართვამდე, რომლებიც უზრუნველყოფენ ოპერაციული და სადაზღვევო რისკების სრულ და ეფექტურ მართვას.
საბოლოოდ, ამ კომპონენტების ერთობლიობა ქმნის ალდაგის ფინანსური მდგრადობის ძლიერ საფუძველს და ამყარებს კომპანიის რეპუტაციას როგორც სანდო, გრძელვადიანი პარტნიორისა, როგორც ადგილობრივ, ასევე საერთაშორისო ბაზრებზე.
როგორ აისახება გაუმჯობესებული რეიტინგი კომპანიის გრძელვადიან სტრატეგიულ განვითარებაზე?
რეიტინგის გაუმჯობესება წარმოადგენს ერთ-ერთ მნიშვნელოვან მიღწევას ალდაგის სტრატეგიული განვითარებაში. ამ გადაწყვეტილებით, ალდაგი გადადის საინვესტიციო კატეგორიაში, რაც კიდევ უფრო ამყარებს ჩვენი, როგორც სტაბილური და გამჭვირვალე პარტნიორის სანდოობასა და რეპუტაციას გლობალურ სადაზღვევო და ფინანსურ ბაზრებზე.
გაუმჯობესებული რეიტინგი საერთაშორისო პარტნიორებისთვის მკაფიო სიგნალია, რომ ალდაგი არის კარგად მართული, ფინანსურად ძლიერი და დაბალი რისკის მქონე კომპანია.
ამას ვუყურებთ როგორც არა მხოლოდ აღიარებას, არამედ მოტივაციასაც — გავაგრძელოთ განვითარება, განვავითაროთ ტექნოლოგიები, სამომხმარებლო გამოცდილება და ინოვაციური პროდუქტები.
ეს მიღწევა გვარწმუნებს, რომ სწორ გზაზე ვდგავართ და კიდევ უფრო მეტი ღირებულების შექმნა შეგვიძლია ყველა ჩვენს პარტნიორთან ერთად.