"იდეა ივენთ ჯგუფი" თქვენთვის სასურველი ღონისძიებების დაგეგმვაში დაგეხმარებათ
Opinions expressed by BIZ Experiences contributors are their own.
You're reading BIZ Experiences Georgia, an international franchise of BIZ Experiences Media.
"იდეა ივენთი" კომპანიებსა და წყვილებს ღონისძიებების, კონფერენციების, საქმიანი შეხვედრებისა და სადღესასწაულო ზეიმების დაგეგმვაში ეხმარება და სრულ მომსახურებას სთავაზობს, რაც მათი დროის, ენერგიისა თუ სხვა რესურსების დაზოგვას გულისხმობს.
"ხშირ შემთხვევაში, ადამიანებმა არ იციან, დაგეგმვის პროცესი საიდან დაიწყონ, დაბნეულები არიან. ვცდილობთ, მათ ორგანიზაციულ საკითხებთან დაკავშირებული სირთულეები და სტრესი ავარიდოთ და ყველა დეტალი ჩვენ შევადგინოთ.
"იდეა ივენთი" მომხმარებლის სურვილებს ითვალისწინებს და საქმეს სრული პასუხისმგებლობით ასრულებს. ჩვენი კომპანია არა მხოლოდ ამარტივებს ღონისძიების დაგეგმვის პროცესს, არამედ ორიენტირებულია შედეგსა და ხარისხზე", - ელენე ჩხიკვაძე, "იდეა ივენთის" დამფუძნებელი.
როგორც ელენე გვიყვება, იდეა ჯერ კიდევ სტუდენტობისას გაუჩნდა. თუმცა ადრეულ ეტაპზე ფიქრობდა, რომ ეს პროფესია მოთხოვნადი არ იქნებოდა.
"ადამიანების უმეტესობამ არ იცოდა ორგანიზატორის საჭიროების შესახებ. ამ საქმიანობის წამოწყება გაბედულობასა და სიმამაცეს ნამდვილად მოითხოვდა. პირველი ღონისძიების ორგანიზება მხოლოდ ჩემი ენთუზიაზმის დახმარებით, გამოცდილებისა და პორტფოლიოს გარეშე მოვახერხე.
უდიდეს პასუხისმგებლობას ვგრძნობდი. პირველ ეტაპზე ძალიან გამიჭირდა გარკვეული დეტალების მარტივი გზით მოგვარება, თუმცა დღევანდელი რეალობიდან გამომდინარე, მიყვარს და ვაფასებ ყველა დღეს, რომელიც გავიარე.
მიზნისკენ სწრაფვა კი ჩემი ქორწილის დაგეგმვის შემდეგ დავიწყე. იდეალური და სრულყოფილი ქორწილისთვის ძალიან ბევრი დეტალი იყო მოსაგვარებელი, რასაც საკუთარი ძალებით შევეჭიდე. მიმაჩნია, რომ ეს არასწორია. წყვილმაც სტუმრებივით უნდა ისიამოვნოს. ამიტომ დიდ პასუხისმგებლობას ვიღებთ და ქორწილსა თუ სხვა ღონისძიებას მთლიანად ჩვენ ვუწევთ ორგანიზებას".
ელენე მიიჩნევს, რომ წარმატებული ბიზნესი მხოლოდ სერვისის მრავალფეროვნება და კარგი პროდუქტი არ არის, არამედ იგი ურთიერთობებზე შენდება. დამკვეთი, უპირველესად, არის ადამიანი, რომლის საჭიროებებზე გულწრფელად უნდა იზრუნო.
"ყველაზე დიდი გამოწვევა რეპუტაციის მოპოვება იყო და იმ გაუთვალისწინებელი ფაქტორების დაძლევა, რასაც უშუალოდ პროცესში ვაწყდებოდი. გარკვეული დროის განმავლობაში მარტო ვმუშაობდი და ვცდილობდი, მოსალოდნელი გამოწვევების არ შემშინებოდა.
ამ პერიოდში ბევრი რამ ვისწავლე. იდეალური დრო არასდროს მოვა, უბრალოდ, უნდა დაიწყო. პირველი ნაბიჯები არასდროს არის სრულყოფილი, მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანია, რადგან შეცდომები ყოველთვის იქნება და ისინი უნდა მივიღოთ, როგორც გაკვეთილი და არა მარცხი.
თუ ქალი ანტრეპრენერი ხარ, გახსოვდეს, ამას შენც შეძლებ! არ მისცე უფლება სტერეოტიპებს, შეაჩეროს შენი სწრაფვა წარმატებისკენ. წარმატება ცნობს არა სქესს, არამედ შრომას, თავდაჯერებულობასა და სიმტკიცეს. იცოდე, რომ სამყაროს აკლია რაღაც, რისი შევსებაც შენ შეგიძლია".
ელენესთვის ანტრეპრენერი არის ადამიანი, რომელიც ხედავს გზას იქ, სადაც სხვებისთვის დიდი კედელია აღმართული. მას აქვს დიდი პასუხისმგებლობა, რადგან მხოლოდ ბიზნესს არ აშენებს, გარემოს ცვლის და ინდუსტრიაზე გავლენას ახდენს. საკუთარი თავის გამოწვევა და მუდმივი განვითარება კი მისი წარმატების საწინდარია.
"ღონისძიებების ორგანიზება და დიზაინი არ არის მხოლოდ სამუშაო, ამას მე ხელოვნების ნაწილად მივიჩნევ. სწორედ ამიტომ ვფიქრობ, ბევრი რამ შეიძლება იყოს ინსპირაციის წყარო.
ერთ-ერთი მთავარი შთამაგონებელი, რაც შემოქმედებითი პროცესის მნიშვნელოვან ნაწილს წარმოადგენს, არის დამკვეთის და, ზოგადად, ადამიანების მრავალფეროვნება, მათი განსხვავებული სურვილები, საჭიროებები და იდეები, რომლებიც ჩემთან კონსულტაციისას იკვეთება, ეს კი ხშირად ახალ იდეებს ბადებს.
ვმოგზაურობ ბევრ ქვეყანაში და მიხარია, როცა სხვადასხვა ხალხის კულტურასა და ტრადიციებში შთაგონებას ვპოულობ. ტრადიციები, ადგილობრივი დეტალები, რომლებიც სხვადასხვა ხალხის ცხოვრებაში გაერთიანებულია, ყოველთვის ახალი ინსპირაციის წყაროა.
თითოეული ქვეყანა და მისი კულტურა ინოვაციურ იდეებს მმატებს, რაც შემდგომში ღონისძიებებს უნიკალურობას სძენს".
ელენე ფიქრობს, რომ დამკვეთებისა და პარტნიორი კომპანიებისთვის "იდეა ივენთ ჯგუფი" ასოცირდება კომპანიასთან, რომელიც წარმატებას ურთიერთობებით აშენებს, დამკვეთის პრობლემის მოგვარებასა და კომფორტზე გულწრფელად ზრუნავს.
"მომავალშიც ეს იქნება ჩვენი ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი. უახლოესი ერთი წლის განმავლობაში ჩვენი მიზანია, სერვისები კიდევ უფრო გავაფართოოთ, კომპანიის განვითარებაზე ვიმუშაოთ და გუშინდელზე უკეთესი ვიყოთ".