FantastiClean Georgia – კომპანია, რომელიც ინოვაციურ, ეკომეგობრულ ნაჭრებს გვთავაზობს
You're reading BIZ Experiences Georgia, an international franchise of BIZ Experiences Media.
ეკომეგობრული სტარტაპები თანამედროვე სამყაროს ერთ-ერთ ყველაზე აქტუალურ გამოწვევას პასუხობენ – როგორ შევინარჩუნოთ მდგრადობა და შევამციროთ გარემოზე ზემოქმედება. ეს ინოვაციური ინიციატივები არა მხოლოდ ბუნების დაცვის მიზანს ემსახურება, არამედ ქმნის ახალ ეკონომიკურ შესაძლებლობებს, რომლებიც თანამედროვე მომხმარებლის მოთხოვნებს აკმაყოფილებს. სტატიაში სწორედ ერთ-ერთ ქართულ ეკომეგობრულ სტარტაპზე, FantastiClean Georgia-ზე მოგიყვებით.
FantastiClean მომხმარებელს მიკროფიბრასგან დამზადებულ პრემიუმ ხარისხის ბიოდეგრადირებად, ეკომეგობრულ, ანტიალერგიულ, მრავალჯერადი გამოყენების ნაჭრის რულონებს სთავაზობს. პროდუქტი იდეალურია სახლის, ოფისის, სასტუმროს, სამრეწველო სფეროს, ჰორეკა სექტორის თუ სხვა კომერციული სივრცეების დასუფთავებისთვის. მასალა მეტად ჰიგიენურია და, რაც მთავარია, გარემოსთვის მავნე ნარჩენებად არ გარდაიქმნება.
FantastiClean Georgia-ს შესახებ BIZ Experiences-ს სტარტაპის დამფუძნებელი, ირაკლი ზამბახიძე ესაუბრა:
"სტარტაპის დაფუძნების იდეა მას შემდეგ გაჩნდა, რაც მე და ჩემმა მეგობრებმა, კომპანიის თანადამფუძნებლებმა – გუგა კლდიაშვილმა და რატი ხუფენიამ, ერთ-ერთ საკვებ ობიექტში შევამჩნიეთ, რომ პერსონალი დაბალი ხარისხის ნაჭრებით ასუფთავებდა სივრცეებს. ეს არც ესთეტიკური იყო და არც ჰიგიენური. სწორედ აქედან დავიწყეთ ფიქრი, როგორ შეგვექმნა პროდუქტი, რომელიც უსაფრთხო იქნებოდა როგორც ადამიანებისთვის, ასევე გარემოსთვის. რამდენიმეთვიანი კვლევისა და განვითარების შემდეგ აღმოვაჩინეთ მიკროფიბრის ნაჭრები, რომლებიც სრულიად უსაფრთხოა ადამიანებისთვის და ოთხფეხა მეგობრებისთვისაც კი. სულ რაღაც ექვსი თვეა, რაც პროდუქციის იმპორტს ვახორციელებთ და მოსალოდნელზე მაღალი შედეგები ვაჩვენეთ".
FantastiClean Georgia მომხმარებელს ნაჭრის რულონებს სხვადასხვა ზომის, ფერისა და რაოდენობის მიხედვით სთავაზობს. ამ ეტაპზე ხელმისაწვდომია მრავალჯერადი გამოყენების 30-ნაჭრიანი ბეჟი ფერის და 75-ნაჭრიანი ყავისფერი რულონები. კომპანია გეგმავს, რომ 2025 წლის გაზაფხულზე მომხმარებელს კიდევ უფრო მრავალფეროვანი არჩევანი შესთავაზოს – გასაყიდად გაიტანოს რულონები ახალი ფერებითა და სხვადასხვა მოხევის რაოდენობით.
ირაკლი ზამბახიძე:
"თოთოეული ნაჭრის ხელახლა გამოყენება 50-ჯერ არის შესაძლებელი იმ შემთხვევაში, თუ მომხმარებელი გარეცხვის წესებს დაიცავს. ნაჭერი 40 გრადუსამდე წყალში ირეცხება როგორც ხელით, ასევე ნეიტრალური რეცხვის ავტომატურ რეჟიმზე. მოხმარების წესების გათვალისწინებით, FantastiClean-ის პროდუქცია იცავს ჰიგიენის საერთაშორისო ნორმებს და, ამავდროულად, გარემოსაც ზიანის გარეშე ტოვებს. ვფიქრობთ, მნიშვნელოვანია, რომ კომპანიები თავიანთ თანამშრომლებსა და მომხმარებლებზე ზრუნავდნენ. საზოგადოებამ უნდა იცოდეს, რომ სივრცეები, სადაც ისინი მუშაობენ ან სადაც მათ ემსახურებიან, დასუფთავებულია ჯანმრთელობისთვის უსაფრთხო და ეკომეგობრული პროდუქციით".
FantastiClean-ის ნაჭრები შეესაბამება საერთაშორისოდ აღიარებულ ISO სტანდარტებს. ირაკლი ზამბახიძის თქმით, ეს ფაქტორი მომხმარებლის ნდობას კიდევ უფრო ზრდის.
ამჟამად სტარტაპს ორი ძირითადი მომხმარებლის სეგმენტი ჰყავს: ინდივიდუალური მომხმარებლები, რომლებიც FantastiClean-ის ნაჭრებს სახლის დასუფთავებისთვის იყენებენ და კომპანიები, რომლებიც პროდუქტს კომერციული სივრცეებისთვის იყენებენ.
"კომპანიებთან კომუნიკაცია შედარებით მარტივია, რადგან მათ უკვე იციან ბიოდეგრადირებადი პროდუქციის შესახებ. ინდივიდუალური მომხმარებლებისთვის კი ცნობადობის გაზრდა ჯერ კიდევ საჭირო ხდება. თუმცა ეკომეგობრული ინიციატივების მიმართ ინტერესიც იზრდება და მომხმარებელიც მეტად აფასებს ასეთ სტარტაპებს. გვიხარია, რომ FantastiClean Georgia-მ დაარსების პირველივე თვიდან მრავალი პარტნიორი შეიძინა. მათ შორის არის ჩვენი მთავარი პარტნიორი Gulf Georgia, ასევე Dunkin'-ი, Veli.store-ი, Europroduct-ი და სხვა არაერთი მაღალი სტანდარტის კომპანია. ეს იმას ნიშნავს, რომ ეკომეგობრული ნაჭრების შეძენა მომხმარებლებისთვის ხელმისაწვდომია", – აღნიშნავს ირაკლი ზამბახიძე