EAPT Batumi 2025 – პოკერის საერთაშორისო ტურნირი, რომელიც ბათუმს ახალ შესაძლებლობებს სთავაზობს
Opinions expressed by BIZ Experiences contributors are their own.
You're reading BIZ Experiences Georgia, an international franchise of BIZ Experiences Media.
2025 წლის 5-13 აპრილს ბათუმი EAPT Batumi 2025-ს უმასპინძლებს – ეს არის ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური და პრესტიჟული საერთაშორისო პოკერის ტურნირი, რომლის საპრიზო ფონდი 1 მილიონი დოლარი იქნება.
ეს რიგით მეორე საერთაშორისო ტურნირია, რომელსაც ECLIPSE POKER CLUB მასპინძლობს. ღონისძიება არა მხოლოდ პოკერის პროფესიონალებსა და მოყვარულებს მოიზიდავს, არამედ ბათუმის, როგორც ტურისტული და საერთაშორისო ბიზნესჰაბის, პოპულარიზაციასაც შეუწყობს ხელს.
მსგავსი მაღალი დონის პოკერის ტურნირები უპრეცედენტოა საქართველოსთვის და მათ შეუძლია მნიშვნელოვანი როლი შეასრულოს ქვეყნის ეკონომიკურ და ტურისტულ განვითარებაში. ბათუმი მასპინძელ ქალაქად ECLIPSE POKER CLUB-ის ინიციატივით შეირჩა.
"ამგვარი ტურნირები უდიდეს პოზიტიურ გავლენას ახდენს ქვეყნებისა და ტურისტული რეგიონების ეკონომიკაზე, რადგან დაბალ სეზონზე იზიდავს ათასობით მაღალშემოსავლიან სტუმარს", – აღნიშნავს Eclipse-ის დირექტორი, ლევან ქორქაშვილი.
ტურნირის ორგანიზატორების გათვლებით, EAPT Batumi 2025 არასეზონურ პერიოდში მოიზიდავს 2 000-მდე მოთამაშეს და მათი თანმხლები პირების ჩათვლით, რეგიონს დაახლოებით 5 000 ტურისტი ეწვევა.
"ტურნირის მონაწილეები მინიმუმ 10-15 დღის განმავლობაში დარჩებიან ბათუმში, რაც სასტუმროების, რესტორნებისა და სხვა მომსახურების სფეროებისთვის მნიშვნელოვან ეკონომიკურ სარგებელს შექმნის", – ამბობს ლევან ქორქაშვილი.
ამგვარი მასშტაბის ღონისძიება სამ ძირითად გამოწვევას პასუხობს:
- ახალი ტურისტული ნაკადების შექმნა და მათი გაფართოება არასეზონურ პერიოდში
- ბიზნესისთვის დამატებითი ღირებულებების შექმნა და ეკონომიკის სტიმულირება
- საქართველოს პოპულარიზაცია საერთაშორისო არენაზე
ტურნირის ორგანიზების პროცესში რამდენიმე გამოწვევაც გამოიკვეთა. ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხი საგადასახადო პოლიტიკაა.
ლევან ქორქაშვილის განმარტებით, მთავარი გამოწვევა არის ის, რომ ტურნირში (როგორც ადგილობრივ, ასევე საერთაშორისო) მიღებული მოგება იბეგრება 20%-იანი საშემოსავლო გადასახადით. შესაბამისად, ნებისმიერი საპრიზო თანხა, რომელიც გაიცემა ტურნირის საპრიზო ფონდის სახით, ექვემდებარება ამ დაბეგვრას.
მისი თქმით, "ასეთი მაღალი გადასახადების გამო მსგავსი ტურნირები საქართველოში სისტემატურად ვერ ტარდება".
გარდა ამისა, ბათუმში ლოგისტიკური პრობლემებიც არსებობს. არ არის საკმარისი რაოდენობის ფრენები, რაც პრობლემურია უცხოელი მოთამაშეებისთვის.
ამ სირთულეების დასაძლევად ორგანიზატორებს მონაწილეთა მგზავრობის ხარჯების ნაწილობრივი დაფინანსება და ფრენების სუბსიდირება უწევთ, რაც დამატებით ფინანსურ ზეწოლას იწვევს.
აჭარის რეგიონი გამოირჩევა მოკლე ტურისტული სეზონით, რაც იწვევს კურორტების სრულ გადატვირთვას და პარალიზებას ზაფხულის კონკრეტულ თვეებში. საერთაშორისო გამოცდილების მიხედვით, ამ პრობლემის გადაჭრის ერთ-ერთი ყველაზე ეფექტიანი გზა სწორედ საერთაშორისო ტურნირების ჩატარებაა.
"მოცემული ტურნირი შუქდება საერთაშორისო პლატფორმებზე, რომლებიც ფარავს ათობით მილიონ აქტიურ მაყურებელს. ტურნირების მეშვეობით ხდება ქვეყნის პოპულარიზაცია ისეთ სეგმენტში, რომელიც პოტენციური ვიზიტორი და ხშირ შემთხვევაში, ინვესტორიცაა".
გარდა ამისა, ორგანიზატორები აღნიშნავენ, რომ "მსოფლიოს ზოგიერთ ქვეყანაში, სადაც ტურნირების დაბეგვრა მაღალია, ასეთი ღონისძიებები საერთოდ არ ტარდება, რადგან ისინი კომერციულად არაეფექტიანია. უმეტეს ქვეყნებში, სადაც აზარტული თამაშები ლეგალიზებულია, ტურნირების საპრიზო ფონდი ნულოვანი განაკვეთით იბეგრება, ხოლო ზოგიერთ ქვეყანაში გადასახადი მხოლოდ 5%-ია".
EAPT Batumi 2025 ადგილობრივ მცირე და საშუალო ბიზნესისთვის მნიშვნელოვან ეკონომიკურ სარგებელს მოიტანს.
"ტურნირის პერიოდში ბათუმი უმასპინძლებს რამდენიმე ათას ვიზიტორს, რომლებიც მინიმუმ 10 დღით დარჩებიან აჭარაში. ეს არის მაღალშემოსავლიანი ტურისტი, რომელიც აქტიურად ხარჯავს ფინანსებს სასტუმროებში, რესტორნებში, სატრანსპორტო და სხვა მომსახურებებში", – აღნიშნავს ლევან ქორქაშვილი.
ეს, თავის მხრივ, სახელმწიფოსთვის დადებით ფისკალურ ეფექტსაც გულისხმობს, რადგან ბიზნესაქტივობიდან მიღებული საგადასახადო შემოსავალი მნიშვნელოვნად გაიზრდება.
მიუხედავად იმისა, რომ ინტერესი მაღალია, ორგანიზატორები აღნიშნავენ, რომ საქართველოში საერთაშორისო პოკერის ტურნირები რეგულარულად ვერ ტარდება.
"როგორც აღვნიშნე, დაბეგვრის რეჟიმის საგადასახადო წნეხი მნიშვნელოვნად ზრდის ტურნირის ორგანიზატორის ფინანსურ ხარჯებს, რის გამოც ტურნირის გამართვა არსებული საგადასახადო რეჟიმის პირობებში ძალიან არაპრაქტიკული და წაგებიანია", – აცხადებს ლევან ქორქაშვილი.
ამავდროულად, ის ფიქრობს, რომ თუ სახელმწიფო გადახედავს ზოგად რეგულაციებს და შეიმუშავებს ამ მიმართულებით ახალ პოლიტიკას, საქართველოს აქვს დიდი პოტენციალი, რომ ასეთი მასშტაბის ტურნირები რეგულარულად ჩატარდეს.
EAPT Batumi 2025 უპრეცედენტო მოვლენაა საქართველოსთვის. ტურნირი არა მხოლოდ გააძლიერებს რეგიონულ ეკონომიკას, არამედ გააფართოებს საქართველოს, როგორც ტურისტული და ბიზნესმიმართულების, ცნობადობას საერთაშორისო დონეზე.
თუმცა საგადასახადო და ლოგისტიკური პრობლემები კვლავ მნიშვნელოვან გამოწვევად რჩება.
"თუ სახელმწიფო მიიღებს სწორ გადაწყვეტილებებს და გადახედავს ფისკალურ და ლოგისტიკურ პოლიტიკას, საქართველომ შეიძლება დაიმკვიდროს ადგილი, როგორც საერთაშორისო აზარტული ტურნირების ერთ-ერთმა მნიშვნელოვანმა მასპინძელმა", – ამბობს ის.